„კატეგორიული არ ვიქნები და არ ვიტყვი, რომ არაკონსტიტუციურია, მაგრამ მგონია, რომ კონსტიტუციის ავტორებს თავის დროზე რომ „გერმანული მოდელის“ მსგავსი რაღაც ჰქონოდათ გადაწყვეტილი, კონსტიტუციაში სხვა რედაქცია იქნებოდა“ - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხარი არ დაუჭირა.
საკითხს მხარდაჭერისთვის სხდომაზე ერთი დეპუტატის ხმა დააკლდა. ფრაქცია „რესპუბლიკელების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს 6 დეპუტატი მიემხრო, 2 წინააღმდეგ წავიდა (გედევან ფოფხაძე და ვლადიმერ აჩბა).
ფოფხაძის თქმით, წარმოდგენილი მოდელი საარჩევნო სუბიექტებს, - საარჩევნო სიის წევრებს მაჟორიტარებთან კონკურენციას აიძულებს.
„ვთქვათ მე ვარ სიაში პირველი ნომერი და არ ვარ მაჟორიტარი. ყველა მაჟორიოტარი ავტომატურად ჩემი კონკურენტი ხდება. ჩემი აზრით, ასეთი მოცემულობის წინაშე საარჩევნო სუბიექტის ჩაყენება, რომ მაჟორიტარები ხდებიან თავიანთი სიის კონკურენტრები, არ არის სწორი. პოლიტიკური ძალა, რომელსაც კარგი მაჟორიტარი ჰყავს და იცის, რომ ეს მაჟორიტარები მოიგებენ, იმის მოტივაცია რაღა არის? ესეც ხელოვნურად შემოთავაზებული მგონია“ - თქვა ფოფხაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ამბობს, კანონპროექტი „სუსტი პარტიებისთვისაა“, რადგან გამორიცხულია, ერთმა ძალამ უმრავლესობა შექმნას და მთავრობა ჩამოაყალიბოს. მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, რომ პარლამენტის წევრთა შერეული სისტემით არჩევის წესს კონსტიტუციის 49-ე მკაფიოდ განსაზღვრავს.
„50-ე მუხლში წერია, პროპორციული სისტემით გამართული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება მხოლოდ იმ გაერთიანებასა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 5%-ზე მეტ ხმებს მიიღებენ. განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა დავითვალოთ პროპორციული სისტემით ხმები. კიდევ წერია, რომ მაჟორიტარული სისტემით გამართული არჩევნების შედეგად მანდატების გადანაწილების წესი განისაზღვრება საარჩევნო კანონდებლობით. თქვენი შემოთავაზებული ინიციატივით, ერთი სისტემით ნაწილდება 150 მანდატი. თუ მაჟორიტარები არჩეული იქნება 50%-იანი ბარიერით, ამ შემთხვევაში, პარტიული სია შთანთქავს მაჟორიტარებს. თქვენ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი არის სუსტი პარტიებისთის, ვინაიდან გამორიცხულია, რომ ერთმა ძალამ უმრავლესობა შექმნას და მთავრობა ჩამოაყალიბოს. ჩვენი ქვეყნის რეალობიდან გამომდინარე, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს კოალიციური მთავრობა იმ ძალასთან, რომელთანაც იდეოლოგიური და ყველანაირი წინააღდეგობა აქვს?!“ - თქვა ბუკიამ.
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დეპუტატი გიორგი ვაშაძე საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ხედავს. მისი თქმით, მოქმედო საარჩევნო სისტემა აბსოლუტურად არაადეკვატურია, რადგან „როცა რომელიმე პარტია ხმების 51%-ს იღებს, პარლამენტშიც ადგილების 51% უნდა მიიღოს და არა 70% მაჟორიტარების ხარჯზე“.
„თუ რამდენი მაქვს საზოგადოებაში მხარდაჭერა და რამდენი ადგილი მაქვს პარლამენტში, ამის პროპორციაა ყველაზე მნიშვნელოვანი. პარლამენტში დავითვალოთ ხმები აბსოლუტურად საჯაროდ და ვნახოთ, რამდენი ადამიანი იქნება მომხრე რომ ეს უბედური საარჩევნო სისტემა შეიცვალოს. 2008 წელს რომ ყოფილიყო ეს საარჩევნო სისტემა, ვფიქრობ, დღეს ქვეყანაში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იქნებოდა და ძალიან კარგი იქნებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის“. 2008 წელს რომ ყოფილიყო ეს საარჩევნო სისტემა, დღეს ქვეყანაში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნებოდა“ - თქვა ვაშაძემ.
კანონპროექტის ავტორმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ „უმრავლესობას მიაქვს ყველაფერი“ - მაჟორიტარული სისტემისთვის დამახასიათებელი პრინციპია.
„თუ ლიდერი პარტიის ამომრჩეველი თანაბრად არის განაწილებული საარჩევნო ოლქებში, ეს პარტია, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, წაიღებს მანდატების 100%-ს და სხვას უბრალოდ არაფერი შეხვდება. ამიტომ, ან პროპორციულ სისტემაზე გადადიოდნენ, ან კომპრომისის გზით ხდებოდა შერეული სისტემების არჩევა“ - თქვა ხმალაძემ.
გედევან ფოფხაძის კითხვის საპასუხოდ, თუ რა არის საარჩევნო სიის იმ სუბიექტის მოტივაცია, რომელმაც იცის, რომ მაჟორიტარებს კონკურენციას ვერ გაუწევს, ხმალაძემ აღნიშნა, რომ როცა ვინმე გუნდის წევრი ხდება, ეთიკის საკითხია, მან ამ გუნდისთვის იმუშაოს.
დეპუტატ გიგა ბუკიას კითხვის საპასუხოდ, რომ ხმათა განაწილების წესს კონსტიტუცია განსაზღვრავს, ხმალაძემ აღნიშნა, რომ 77 დეპუტატი პროპორციული წესით აირჩევა, ამასთან კონსტიტუციაში არ არის განსაზღვრული, თუ როგორია მათი განაწილების წესი.
„კონსტიტუცია არ ამბობს, რა წესით ნაწილდება მანდატები. როგორი პროპორციით, ამას კონსტიტუცია არ ამბობს. წარმოდგენილი პროექტით, არც ერთ სუბიექტს იმაზე მეტი არ შეხვდება, რასაც მიიღებს“ - თქვა ხმალაძემ.
ე.წ. გერმანული მოდელის თანახმად, შერეული (პროპორციული და მაჟორიტარული) საარჩევნო სისტემის ფარგლებში იცვლება მანდატების განაწილების წესი, კერძოდ, „საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა ტოლია არა მაჟორიტარული სისტემით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობისა და პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის (რომელიც განისაზღვრება ამ სიის მიერ მიღებული ხმების პროცენტით) ჯამისა, არამედ პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო მისმა პარტიულმა სიამ“.
განმარტებითი ბარათის თანახმად, საკუთრივ პარტიულ სიას მიკუთვნებული მანდატების რაოდენობა ტოლია ამ პარტიის/საარჩევნო ბლოკის კუთვნილი ზემოაღნიშნული მანდატების რაოდენობისა და მაჟორიტარული წესით არჩეული მისი კანდიდატების რაოდენობის სხვაობისა. „ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარტიამ მაჟორიტარული წესით უფრო მეტი მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის მიღებული ხმების პროპორციის შესაბამისად, მის პარტიულ სიას მანდატი აღარ მიეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში მანდატების ეს ნამეტი 2 გამოაკლდება მანდატების სრულ რაოდენობას (150-ს) და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღუბლგადალახულ სუბიექტებს შორის“ - ვკითხულობთ პროექტის განმატებით ბარათში. პროექტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი მაჟორიტარული სისტემით მანდატებს ის პარტიები მოიპოვებენ, რომლებმაც საარჩევნო ზღურბლი ვერ გადალახეს, მანდატების ეს რაოდენობა, ისევე, როგორც მანდატების ნამეტი, მანდატების სრულ რაოდენობას - 150-ს გამოაკლდება და დარჩენილი მანდატები პროპორციულად გადანაწილდება დანარჩენ ზღუბლგადალახულ სუბიექტებს შორის.