„რუსთავი 2 წინააღმდეგია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე განიხილოს თაღლითობაში შემჩნეულმა მოსამართლემ. რომელიც გარდა იმისა რომ თაღლითია, არის განსაკუთრებულად მოწყვლადი პროკურატურის მიმართ, როგორც ეს ხდებოდა მოსამართლე ურთმელიძის შემთხვევაში“, - „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის თქმით, მათთვის „რუსთავი 2-ის“ საქმესთან დაკავშირებით ახალი გარემოებები გახდა ცნობილი.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება გახდა ცნობილი რამდენიმე საათის წინ. ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე იდევნება თაღლითობისთვის საქართველოს პროკურატურის მხრიდან. საქმე ისაა, რომ 2014 წელს მას გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან სახსრები იმ მოტივით, რომ, როგორც თავად განაცხადა, არ ჰქონდა საცხოვრებელი სახლი თბილისში და სამოსამართლეო უფლებამოსილების განხორციელებისთვის სჭირდებოდა ანაზღაურება, რაც მიღებული პრაქტიკაა. აღმოჩნდა, რომ მას ეს სახლი ჰქონდა და ბინას ქირაობდა დედისგან. შესაბამისად, იგი ითვისებდა ამ თანხას უკანონოდ. ეს ცნობილი გახდა იუსტიციის საბჭოსთვის და დაიწყო ამ საკითხზე მოკვლევა თავის დროზე. მაშინდელმა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა კუბლაშვილმა მოითხოვა ამ საქმის პროკურატურისთვის გადაცემა, თუმცა იუსტიციის საბჭოს ახლადდანიშნულმა წევრებმა ამას ცხადია მხარი არ დაუჭირეს ვინაიდან ქალბატონი გუჯაბიძე ყოველთვის ასოცირდებოდა წულუკიანის გუნდთან და ძაღლმა ძაღლის ტყავი არ დახია. უფრო მეტიც, არათუ პროკურატურაში გადაგზავნაზე ეთქვათ უარი, სადისციპლინო ნაწილშიც და სადისციპლინო კოლეგიას არ გაეგზავნა ეს საქმე და ნათია გუჯაბიძეს აკმარეს მხოლოდ სარეკომენდაციო ბარათი. რითიც დგინდება, რომ დადასტურებულად ჩათვლილია ის ფაქტები, რომ ნათია გუჯაბიძე როგორც მინიმუმ ცრუობდა. სამართლებრივად თუ ვიტყვით, ნათია გუჯაბიძე თაღლითობდა და ფლანგავდა სახელმწიფოს სახსრებს. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურა ფლობს ამ ინფორმაციას და ამითი მიდის ზეწოლა ქალბატონ გუჯაბიძეზე. მოვუწოდებ უმაღლეს საბჭოს, გაასაჯაროოს ამ წარმოების ყველა მასალა იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.