Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გიგიაძე ვიზალიბერალიზაციაზე: საგანგაშო არაფერია, ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას

02 ივნისი, 2016 11:29

საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ არის. სკეპტიციზმი ნამდვილად ძალიან უცნაურია. ჩვენ ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას - ასე აფასებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე იმ ფაქტს, რომ Coreper-მა გუშინ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო. 

როგორც გიგიაძე „ლიბერალთან" საუბარში განმარტავს, 10 ივნისს საკითხი ბრიუსელში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებმა უნდა განიხილონ და ქართულ მხარეს დიდი მოლოდინი აქვს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება. 

„კორეპერი არის ფორმატი, რომელიც ამზადებს საკითხს მინისტრთა საბჭოსთვის, შესაბამისად, ეს პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენ ველოდებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას. საგანგაშო სიტუაცია ნამდვილად არ გვაქვს. ამ სიტყვას ნამდვილად არ გამოვიყენებდი. გუშინ ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს დაგეგმილი დღის წესრიგის მიხედვით და ჩვენ რაც ვიცით ზუსტად ისაა, რომ 10 ივნისსაა ჩვენი საკითხი ჩანიშნული. მინისტრების დონეზე უნდა მიიღონ გადწყვეტილება" - ამბობს მინისტრის მოადგილე. 

„ლიბერალის" შეკითხვაზე, თუ რას აკეთებს საქართველოს წარმომადგენლობა ბრიუსელში სკეპტიკოსი ქვეყნების დასარწმუნებლად, გიგიაძე ამბობს, რომ ქართული მხარეს მუდმივი კონტაქტი აქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. 

მინისტრის მოადგილისთვის უცნობია, თუ რატომ არსებობს სკეპტიკური განწყობა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თვალსაზრისით. 

„საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაასრულა ყველა დავალება. არათუ სრულად, არამედ გადაჭარბებით კარგად აქვს შესრულებული არა მარტო ის, რაც VLAP-ით იყო გათვალისწინებული, არამედ იმ ექსპერტების რჩევებიც რომლებიც ქვეყანას გადამოწმების პროცესში მისცეს. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ გადაჭარბებით კარგად გვაქვს შესრულებული და ძალიან უცნაურია ნამდვილად [სკეპტიციზმი]" - ამბობს გიგიაძე. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და მოსალოდნელია, რომ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკისა და მისგან გამომდინარე სიფრთხილის გამო, რომელსაც ევროკავშირი იჩენს, თურქეთის, უკრაინისა და კოსოვოს ვიზალიბეარლიზაციის საკითხის გადაწყვეტაც დაყოვნდება - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

ევროკავშირმა უკვე დაიწყო უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე მუშაობა, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ამ უფლებას ზემოაღნიშნულ ქვეყნებს მიანიჭებდეს. ეს განსაკუთრებით თურქეთს ეხება, რომლის დახმარებაც ევროკავშირს მიგრაციის საკონტროლოდ სჭირდება მას შემდეგ, რაც გასულ წელს ევროპაში 1,3 მლნ ადამიანი ჩავიდა. 

Coreper-ს საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიეღო, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა. დიპლომატების განცხადებით, გერმანია და საფრანგეთი პროცესს ეწინააღმდეგებიან. 

„ჩვენ არ გვსურს მთლიანი პროცესის შეჩერება. ჩვენ გვინდა, მეტი წინდახედულობა გამოვიჩინოთ" - განაცხადა გუშინ ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატმა, რომელიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას შეეწინააღმდეგა. 

მოსალოდნელია, რომ საკითხის განხილვა შემდეგ კვირას განახლდება, სანამ მუდმივი წარმომადგენლები უკრაინის საკითხის განხილვას დაიწყებენ. ტექნიკური საკითხების განხილვა უკრაინის შესახებ 14 ივნისს უნდა დაიწყოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^