განათლების სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2015-2016 სასწავლო წელს სკოლის დამამთავრებელ გამოცდებზე 45, 619 მოსწავლე გავიდა. მათგან 40 090 მე-12 კლასის მოსწავლეა (საჯარო სკოლის მოსწავლე - 36 001, კერძო სკოლის - 4 089.) ექსტერნის დაძლევის საფუძველზე საატესტატო გამოცდაზე გავიდა სხვადასხვა ასაკის 5 529 პირი (რომლებსაც სკოლაში შეწყვეტილი ჰქონდათ განათლება).
საატესტატო გამოცდები ოთხ საგანში ჩატარდა (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია). რამდენმა მე-12-კლასელმა ვერ ჩააბარა საატესტატო გამოცდები, ამ ეტაპზე უცნობია.
განათლების სამინისტროში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ ამის შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა გაგვიზიარეს მონაცემები = საგნებისა და რეგიონების მიხედვით მოსწავლეთა რამდენმა პროცენტმა გადალახა ზღვარი წარმატებით.
უატესტატოდ დარჩენილ მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საატესტატო გამოცდების ჩაუბარებლობის გამო ეროვნულ გამოცდებს უკვე რეგისტრირებული 2900-მდე მეთორმეტეკლასელი გამოეთიშა (მონაწილეთა 6%)
ამ ეტაპზე მხოლოდ სხვადასხვა საგანში ჩაჭრილ მოსწავლეთა მიახლოებითი ციფრია ცნობილია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათემატიკის გამოცდაზე გავიდა 42 700 მოსწავლე, ზღვარი ვერ გადალახა 5978 მოსწავლემ (14%) 86%-მა კი წარმატებით დაძლია.
ისტორიის საგანში 42 ათასამდე მოსწავლე გავიდა გამოცდაზე. წარმატებით გადალახა ზღვარი მოსწავლეთა 95%-მა, ვერ გადალახა, სავარაუდოდ, 2100 მოსწავლემ.
ინგლისურის გამოცდაზე 43 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა. 85%-მა დაძლია ზღვარი. სავარაუდოდ, ვერ გადალახა ზღვარი 6450-მა მოსწავლემ, რაც გამოცდაზე გასულთა 15%-ია.
ქართული ენა და ლიტერატურა - გამოცდაში ზღვარი 98 %-მა დაძლია.
საგულისხმოა, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2015/2016 წლებში საჯარო სკოლების მე-12 კლასში 37 872 მოსწავლე ირიცხებოდა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი საატესტატო გამოცდებზე საჯარო სკოლის 36 001 მე-12 კლასელი გავიდა. ამ ორ მონაცემზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, გამოსაშვებ გამოცდებზე 1871 მე-12 კლასელი არ გავიდა.