„ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის (WISG)" კვლევის მიხედვით, გამოკითხულთათვის ხუთი ყველაზე პრიორიტეტული ღირებულება ოჯახი, რელიგია, ჯანმრთელობა, სამშობლო და ტრადიციებია.
ბოლო ხუთ პრიორიტეტთა შორის კი სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, კარიერა და მეგობრები/სოციალური კავშირები მოხვდა.
კვლევის მიხედვით, პრიორიტეტულ ხუთეულში ყველაზე ხშირად ოჯახი და რელიგია დასახელდა.
ღირებულებათა იერარქია არ იძლევა განსხვავებებს სხვადასხვა სოციო-დემოგრაფიული მახასიათებლის მიხედვით, თუმცა ასაკი გამონაკლისია.
„რაც უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება რესპონდენტი, მით უფრო ხშირად ასახელებს 5 პრიორიტეტს შორის „ადამიანის უფლებებს“, „სიტყვის თავისუფლებას“, „კარიერასა“ და „მეგობრებს/სოციალურ კონტაქტებს“, - ვკითხულობთ კვლევაში
გამოკითხულთაგან უფრო მეტი ადამიანი (82,6%) ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონებას ეწინააჭმდეგება, ვიდრე ჰომოსექსუალი წყვილის მიერ ბავშვის შვილად აყვანას (73,8%)
37,6% ნაწილობრივ ან სრულიად ეთანხმება იმ აზრს, რომ „ჰომოსექსუალების ოჯახში აღზრდილი ბავშვი აუცილებლად ჰომოსექსუალი იქნება“. 37,8% კი ნაწილობრივ ან სრულიად არ ეთანხმება.
რესპონდენტთა 67,3% მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალებს არ უნდა ჰქონდეთ ბავშებთან და მოზარდებთან მუშაობის უფლება. 21,4% სრულიად ან ნაწილობრივ ეთანხმება აზრს, რომ „გეების უმეტესობა პედოფილია“.
კვლევის „საზოგადოების ცოდნის, ინფორმირებულობისა და დამოკიდებულების კვლევა ლგბტ ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ“ ფარგლებში 2000 ადამიანი გამოიკითხა. რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი მართლმადიდებელია. ანგარიში მომზადდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს პროექტის “ლგბტი სოლიდარობის ქსელი სომხეთსა და საქართველოში” ფარგლებში.