„მურუსიძემ ძალიან დიდი ალბათობით მოახერხა და გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლისაგან, ამიტომაც ეს ზეწოლა „ნაციონალური მოძრაობის", მართული მედიის და NGO-ების მხრიდან მხოლოდ ერთ რამეზე მიანიშნებს“, - თქვა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და „რადიო თავისუფლების" ერთობლივ გადაცემა „ინტერVIEW"-ში.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, „რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მხრიდან გამოვლენილი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ და გაღიზიანება, „შესაძლოა სასამართლოს მოხელეების „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენისგან თავის დაღწევით იყოს განპირობებული“.
„ის, რომ 2013 წელს მურუსიძის მდივნად დანიშვნაზე კითხვა არ გააჩნდა არავის და უფრო გვიან როდესაც მურუსიძეზე ამხელა ტალღა აგორდა, ამ ტალღებს ვინც აგორებს და აგიტაციის მანქანა ვისიც არის კარგად ვიცით. ამას მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა" ახერხებს. რატომ ააგორეს ტალღა მურუსიძეზე - ეს ჩემში ეჭვს კი არ ბადებს რომ ის (მურუსიძე) ცუდად იქცევა დღეს, ძალიან დიდი ალბათობით მან მოახერხა და გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის" ზეწოლისაგან... სწორედ, ეს აღიზიანებთ, ამისივე მაგალითია, რაც ხდება „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. ნახეთ ყოფილი პროკურორი გვარამიას გამოსვლები, მისი დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, ეს გაღიზიანებები შეიძლება, მივიჩნიოთ სასიამოვნო ფაქტორად იმიტომ, რომ შესაძლოა, სასამართლოს ძალიან ბევრმა მოხელემ მოახერხა და თავი დააღწია ძველი ხეისუფლების ძალადობას“, - განაცხადა ივანიშვილმა.