„აუდიტორია 115-მა“ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე საუნივერსიტეტო გარემოში არსებულ პოლიტიზებულ გარემოსა და კლანური პრინციპით მმართველობის პრობლემატიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აკადემიური პერსონალი არა სამეცნიერო, არამედ წინა ხელისუფლებისადმი ლოიალობის ნიშნითაა შერჩეული.
„საუნივერსიტეტო სივრცეში არსებულ პრობლემათაგან უმთავრესი და საბაზისო მნიშვნელობის არის განათლების ხარისხი. ყველა სხვა საკითხის მოგვარება ამ პრობლემის გადაჭრის გარეშე იქნება არსებული სისტემის მხოლოდ კოსმეტიკური ან უმნიშვნელო ცვლილება. ავტონომიის ცნებას ამოფარებული საბჭოების კლანურ მმართველობას მივიჩნევთ მთავარ დაბრკოლებად რეფორმის გზაზე“, - „აუდიტორია 115-ში“ სისტემის არსებითად გარდაქმნას და გარე რეფერირების დანერგვას მოითხოვენ, რაც უმაღლესი აკადემიური თანამდებობების პირთა შერჩევას საერთაშორისო თანასწორუფლებიან კოლეგათა მიუკერძოებელი ურთიერთშეფასების გზით გულისხმობს:
„საჭიროა განათლების რეფორმის საკითხმა მეტი აქტუალურობა შეიძინოს. განათლების რეფორმა უპირველესი პრიორიტეტია ქვეყნის განვითარებისთვის და იგი ფართო საზოგადოებრივი განხილვის საგანი უნდა გახდეს. პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა, ვინც თავად თვლის, რომ თავისი წვლილის შეტანა შეუძლია მასში. ერთადერთი, ვისაც ჩვენ უნდობლობას ვუცხადებთ, არის თავად ამ მახინჯი სისტემის შემოქმედი „ნაციონალური მოძრაობა“ - „აუდიტორია 115“ გარე რეფერირების მეთოდს უალტერნატივო სისტემად განიხილავს და მოძრაობის წევრების თქმით, ამ მოდელითაა მხოლოდ შესაძლებელი ცონდის კვლავწარმოების პრინციპის, აკადემიური თავისუფლების, აკადემიური მიუკერძოებლობის და აკადემიური ხარისხის ფასეულობათა დაბრუნება საუნივერსიტეტო სივრცეში.
"ამ წესით მუშაობს თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე და ესაა მსოფლიოს განათლების სისტემისთვის ცნობილი უალტერნატივო მეთოდი“, - ამბობს მირანდა გაგუა.