იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსზე დარეგისტრირებული კანდიდატების სიას აქვეყნებს. შესაბამისი ვაკანტური ადგილის მითითებით გამოქვეყნებულ კანდიდატთა შორისაა პირველ ინსტანციაში „რუსთავი 2-ის" საქმის მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, რომელსაც მოსამართლის უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის გაზაფხულზე ამოეწურა.
საბჭოს ინფორმაციით, კონკურსში სულ მოსამართლეობის 131 კანდიდატი დარეგისტრირდა. ვაკანსიების რაოდენობა კი 60-ს აღემატება.
კანდიდატთა შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრები - თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშში ვკითხულობთ, 2010 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ თამარ ალანიას თავმჯდომარეობით ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი მუხროვანის სამხედრო ამბოხთან დაკავშირებით. საქმე ეხებოდა 2009 წელს მუხროვანის სამხედრო ნაწილში ხელისუფლების დამხობის მიზნით ამბოხების მოწყობაში სამხედრო და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ფორმალური მხარის შემოწმება უკვე დაიწყო.
თამარ ალანია: ჩემი არჩევანია მურუსიძე, ადამიანი, ვინც დამოუკიდებელ სასამართლოს ხედავს