ლეგენდარული ამერიკელი მოკრივე მუჰამედ ალი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ალი არიზონას შტატის დედაქალაქის, ფენიქსის საავადმყოფოში სასუნთქი გზების დაავადებით ხუთშაბათს მოათავსეს. გარდა ამისა, მას ბოლო 32 წლის განმავლობაში პარკინსონის დაავადება აწუხებდა.
კასიუს კლეი 1942 წელს კენტუკის შტატში, ლუსვილში დაიბადა. იგი მძიმე წონის პროფესიონალ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონი 3-ჯერ გახდა. 1960 წელს იგი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
1964 წელს კლეიმ ისლამი აღიარა და მუჰამედ ალი დაირქვა. რელიგიური შეხედულებების გამო მან ამერიკის არმიაში სამხედრო სამსახურზე, ვიეტნამის ომში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. აღნიშნული მიზეზით ალის ტიტული ჩამოართვეს და დროებით კრივს ჩამოაშორეს.
რინგზე დაბრუნების შემდეგ მან ტიტული დაიბრუნა.