საქართველოში 2016 წლის 5 მაისის მონაცემებით აივ ინფექციით ინფიცირების 5 653 შემთხვევაა რეგისტირებული, მათგან კი შიდსი 3 269 პაციენტს განუვითარდა, 1 116 გარდაიცვალა. რაც შეეხება 2016 წელს რეგისტრირებულ ახალ შემთხვევებს, მათი რაოდენობა ამ ეტაპისთვის 280-ია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს შიდსით 54 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან 37 მამაკაცი, 17 – ქალი.
„ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა, ეპიდემიოლოგმა მაია ცინცაძემ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანტირეტროვირუსული (არვ) მკურნალობის ხელმისაწვდომობამ და ეფექტიანმა პრევენციულმა პროგრამებმა განვითარებილ ქვეყნებში მდგომარეობის სტაბილურობა განაპირობა, მთლიანად მსოფლიოში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და აივ/შიდსის ეპიდემია კვლავ რჩება დინამიკურ და მზარდი ხასიათის ეპიდემიად.
არვ მკურნალობის დანერგვით 2000-2014 წლებში მსოფლიოში თავიდან აიცილეს აივ/შიდსის 30 მილიონი ახალი შემთხვევა და 7.8 მილიონი ადამიანის სიკვდილი.
ცინცაძის თქმით, დაავადების მკურნალობაში მიღწეული უდიდესი პროგრესის მიუხედავად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სიკვდილობის წამყვან მიზეზებს შორის აივ/შიდსი მსოფლიოში მე–6 ადგილს იკავებს, ხოლო დაბალი შემოსავლების ქვეყნებში – მე–2-ს.
„აივ/შიდსის ახალი შემთხვევების ზრდის მიხედვით გამოირჩევა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები, რაც პოტენციურად განაპირობებს საქართველოში აივ/შიდსის ეპიდემიის რისკს“, - ამბობს ცინცაძე.
აივ/შიდსი და საქართველო
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის მონაცემებით, აივ/შიდსით ინფიცირებულთა გამოვლენის შემთხვევების ყველაზე მაღალი რაოდენობა 2015 წელს იყო. როგორც მაია ცინცაძე ამბობს, სტატისტიკის მიხედვით 2016 წლის გასული თვეებში გამოვლენილი შემთხვევები წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს უტოლდება.
როგორც მაია ცინცაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ აივ ინფექცია/შიდსის გამოვლენილი შემთხევები საქართველოში 5 684-ს შეადგენს, მათი სავარაუდო რაოდენობა 9 000-ზე მეტია.
აივინფექცია/შიდსის შემთხვევების დინამიკა გადაცემის გზების მიხედვით
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის მონაცემებით, აივინფექცია/შიდსის გადაცემის გზებში ნარკოტიკის ინექციური მოხმარებას ჰეტეროსექსუალური კონტაქტით დაინფიცირების შემთხვევებმა გადაუსწრო.
აივინფექცია/შიდსის შემთხვევები ბავშვებში
როგორც მაია ცინცაძე ამბობს, საქართველოში ბავშვთა ინფიცირები შემთხვევები 2000 წლიდან აღნიშნება. დღეის მდგომარეობით ქვეყანაში 15 წლამდე ასაკის ბავშვების ინფიცირების 99 შემთხვევაა რეგისტირებული. 2015 წელს 6 ახალი, 2016 წელს კი უკვე 2 ახალი შემთხვევაა აღრიცხული.
რაც შეეხება ბავშვებში ინფიცირების გზებს, 93 შემთხვევაში ინფიცირება მოხდა ვერტიკალური გზით (ანუ ინფიცირებული დედისგან ნაყოფზე), მათგან ერთი ძუძუთი კვებით. 4 შემთხვევაში ინფიცირები მიზეზი იყო სისხლის გადასხმა, ხოლო 2 შემთხვევაში ინფიცირების გზა უცნობია.
მაია ცინცაძე ამბობს, რომ დროული გამოვლენისა და არვ მკურნალობის შემთხვევაში აივ/შიდსით ავადმყოფის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგადი მოსახლეობის მაჩვენებელს უახლოვდება. მისი რჩევაა, რომ აივინფექცია/შიდსის ანალიზი, რომელიც უფასოდ კეთდება, ყველა მოქალაქემ გაიკეთოს.