30 მაისს 22 წლის კოტე ჯაფარიძეს 2 გრ ექსტაზის (MDMA) შეძენა-შენახვისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 25 000 ლარის ჯარიმა და 5 წელი პირობითი სასჯელი დააკისრა.
„პატიმრობა, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ჩემი მომდევნო წლების ცხოვრებაზე, მიზნებზე, რაც დასახული მქონდა ამ პერიოდში. ძალიან დამხევს უკან“, - ამის შესახებ მან სასამართლო პროცესამდე 2 საათით ადრე „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
„მე ვარ დაჭერილი 2 გრამი ექსტაზის გამო, ეს იმდენად მცირეა, რომ ამის გამო ადამიანის დასჯა არის ადამიანის ჩაგვრა, უსინდისო ჩაგვრა და ტერორი... გამოშვებული ვარ გირაოთი. გადავიხადე 20 000 ლარი. გზის სამშენებლო პროექტში ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ვმუშაობდი, ვგეგმავდი, ეს თანხა ჩემი შრომით, ჩემი ხელფასით გადამეხადა, ახლა კი ყველაფერი უკვე უნდა გადატყდეს ჩემი ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე, თუ გირაოს არ გადავიხდიდი, მომიწევდა მინიმუმ 8 წლით ციხეში წასვლა“, - აღნიშნავდა კოტე ჯაფარიძე ვიდეოში.
აღსანიშნავია, რომ MDMA-ის (ექსტაზი) რა ოდენობა მიიჩნევა მცირედ, კანონით განსაზღვრული არაა, შესაბამისად, მისი ნებისმიერი ოდენობა ავტომატურად დიდ ოდენობად მიიჩნევა და მისი ფლობისთვის დაწესებული სასჯელიც დიდია.