„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია“ - ასე ერქმევა 6 პარტიისგან შემდგარ საარჩევნო ბლოკს, რომელიც, ირმა ინაშვილმა 5 ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებით შექმნა.
როგორც ინაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში ამბობს, რომ ბლოკი მზად არის, სხვა პარტიებიც მიიღოს საკუთარ შემადგენლობაში, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკური პარტიისა“.
ამჟამად ბლოკის შემადგენლობაში არიან დავით თარხან მოურავი - „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, კონსტანტინე გამსახურდია - პარტია „თავისუფლება“, კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველო“, აკაკი ასათიანი - „საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი“, გოჩა ჯოჯუა - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, გია ბერძენიძე - „ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“.
„ჩვენ ვართ ღია სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის. მზად ვართ, დავიწყოთ მათთან შეხვედრები და საუბარი. ცხადია, თქვენ არ დამისვამთ კითხვას ვითანამშრომებთ თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მასთან გავმართავთ თუ არა დიალოგს, იმიტომ რომ არ გავმართავთ. ასევე ჩვენ არ დაველაპარაკებით „რესპუბლიკურ პარტიას“. დანარჩესნს უკვე გვიჩვენებს დრო. ძალების გაერთიანება ამ ტიპის არჩევნებში არის აუცილებელი. როდესაც არის ასეთი დიდი მარათონი, როდესაც ერთი მხრივ, არის „ქართლი ოცნება“, ჩნდება არა ერთი პარტია, არის ხმების დანაწევრებისა და დაშლის აშკარა მცდელობა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ასეთი ბლოკის შემთხვევაში უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“, - უთხრა ინაშვილმა „ლიბერალს“.
კონსტანტინე გამსახურდიამ ბლოკის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ მათი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეისკენ მიმართული პოლიტიკის მსახურებაა.
„ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, გვინდა, ვიყოთ კარგი ქართველები, გვინდა, ვიყოთ კარგი ადამიანები და გვინდა, ვემსახუროთ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იქნება ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისკენ“ - თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ საარჩევნო ბლოკის წარდგენაზე.