ვეგანკაფე „კივი“ ერთ თვეში სხვა ტერიტორიაზე გაიხსნება. ეს გადაწყვეტილება კაფეს ადმინისტრაციამ მეზობლებისა და ფართის მფლობელის მხრიდან ზეწოლის გამო მიიღო - „ოდნავ განსხვავებული გარეგნობა, ვარცხნილობა, პირსინგი, თმის ფერი და ა.შ. არ მოსწონთ არაფერი მსგავსი“.
როგორც ლიკა ხოდელიძე ამბობს, 29 მაისს მომხდარი ინციდენტის შემდეგ ფართის მფლობელმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ კაფეს კლიენტები ქუჩაში დგანან.
„ამ ინციდენტის შემდეგ მიეცათ საბაბი და გვეუბნებიან, რომ არ მოვწონვართ, არასოდეს ვიქნებით მათთვის მისაღები, არ მოსწონთ გარეთ რომ ვდგავართ. გადავწყვიტეთ, რომ გადავიდეთ, იმიტომ, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა. გარეთ საერთოდ არ უნდა გავიდეთ. იმ შემთხვევაში, თუ დარჩენა გვინდა, სულ შიგნით უნდა ვიყოთ. ასე არ გვაწყობს, თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ და ამიტომ გადავწყვიტეთ გადასვლა. მეზობლებიც კმაყოფილნი იქნებიან, თუ წავალთ“, - ამბობს ლიკა ხოდელიძე
კაფე ერთი თვის განმავლობაში იმავე ტერიტორიაზე გააგრძელებს მუშაობას
„ჩვენ შევთავაზეთ, რომ ერთ თვეში გადავალთ, მანამდე, ალბათ, უკეთეს ადგილს ვიპოვით. სულ არ დავიკეტებით, არასდროს“, - ამბობს ლიკა ხოდელიძე.
29 მაისს ვეგანკაფე „კივიში“ რამდენიმე პირი შეიჭრა და იქ მყოფ ადამიანებს შეურაცხყოფა მიაყენა.
„შემოიჭრა ქართული ძალა (ბერგმანის) დაჯგუფება, დაახლოებით 15-20 ადამიანი, პროვოკაციისა და დარბევის მიზნით. ხელში ეჭირათ შამფურზე აცმული მწვადები და კისერზეც სოსისების ასხმები ჰქონდათ შემოხვეული. მომხმარებელს, ვინც საჭმელს მიირთმევდა, თეფშებში მწვადები და სოსისები ჩაუყარეს. ისვროდნენ მწვადებს და ამ ყველაფერს იღებდნენ“, - წერდა კაფეს ადმნისტრაცია, თუმცა „ქართული ძალის" წარმომადგენელები ბრალდებებს უარყოფენ.