„არ დაუშვეს კი არა, ჩვენ არ წავედით იმიტომ, რომ ერთ-ერთი ჯარისკაცის შვილს ჰქონდა ჩუტყვავილა, გადაედო მამას, ჯარისკაცს. ეს მოგეხსენებათ არის ინფექციური დაავადება, გადაედო კიდევ ერთ ჯარისკაცს და იმ საფრთხის გამო, რომ ეს შეიძლება გავრცელებულიყო როგორც ჩვენთან, ასევე სხვა ქვეყნების ჯარისკაცებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ ამ წვრთნებში, მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება“, - როგორც „ლიბერალს“ თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, „რადიო თავისუფლების“ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ.
„რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურო წერს, რომ 120 ქართველი სამხედრო, რომლებიც გაძლიერებულად ემზადებოდნენ NATO-ს უპრეცედენტოდ მასშტაბურ წვრთნებში „ანაკონდა 2016-ში“ მონაწილების მისაღებად, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე იმართება, ბოლო მომენტში წვრთნებზე აღარ დაუშვეს. მანევრებზე დაკვირვებისთვის დაუშვეს მხოლოდ ერთი გენერალი და ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ ფაქტს, რომ ქართულმა კონტიგენტმა ვერ მიიღო მანევრებში მონაწილეობა, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობენ.
„ქართული დიპლომატიური წრეების მოსაზრებით, ქართველებს მასშტაბური მონაწილეობისგან თავის შეკავების თხოვნით ბრიუსელიდან მიმართეს, რათა თავიდან აეცილებინათ მოსკოვთან მეტი დაძაბულობა ვარშავის სამიტამდე, სადაც შესაძლებელია საქართველომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასოცირებული პარტნიორის სტატუსი მიიღოს“, - წერს „რადიო თავისუფლების“ რუსულენოვანი ბიურო.
როგორც „ლიბერალს“ თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, ქართული კონტიგენტის არ წასვლის გადაწყვეტილება თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში მოწვეულმა კონსილიუმმა ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით მიიღო.
„ანაკონდა 2016-ში“ მონაწილეობას შეიარაღებული ძალები 20-ზე მეტი NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნიდან იღებს.