„ყველაზე მცირე დრო, საშუალოდ რომ ავიღოთ 2003 წლიდან მოყოლებული, დაახლოებით 3 თვე ყოფილა, რამდენ ხანშიც განუხილავს უზენაეს სასამართლოს საქმე, თუმცა მე პირადად მქონდა შემთხვევა, რომელიც დიდმა პალატამ განიხილა და თვეზე ცოტა მეტი დასჭირდა სულ ამ პროცესს“, - იურისტი ლევან ალაფიშვილი „ლიბერალთან“ უზენაეს სასამართლოში საქმის დასაშვებობის კრიტერიუმებსა და ზოგად პრაქტიკაზე საუბრობს. „რუსთავი 2-ის" ამჟამინდელი მესაკუთრის მხარე თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას უზენაეს სასამართლოში აპირებს.
„ლიბერალი“ დაინტერესდა, რამდენად აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს „რუსთავი 2-ის“ საქმე, რომელზეც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი დღეს სააპელაციო სასამართლომ გამოაცხადა და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. ალაფიშვილის განმარტებით, შეუძლებელია ვარაუდი, მიიღებს თუ არა უზენაესი სასამართლო ამ საქმეს განხილვაში.
„იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის სრულად, მით უმეტეს დასაბუთება, კატეგორიული შეფასებების და ვარაუდების გამოთქმა ჩემი მხრიდან რთული იქნება. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რაც მიღებული პრაქტიკაა და გაწერილია კანონმდებლობით. მხოლოდ პრეცედენტული კი არ უნდა იყოს საქმე, არსებული პრაქტიკისთვის უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა და, გარდა მაგისა, ეს პრაქტიკა განსხვავებული უნდა იყოს. სწორედ ამ პუნქტების მიხედვით ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლო დასაშვებობის განხილვისას. უზენაეს სასამართლოს აქვს დისკრეცია და, შესაბამისად, სწორედ ასე იღებს გადაწყვეტილებას“, - განმარტავს ალაფიშვილი.
იურისტის თქმით, დასაშვებობის საკითხის რეგულაციები განხილვის საგანი გამხდარა, თუმცა რამე სახის ცვლილებამდე ეს პროცესი მაინც ვერ მივიდა.ალაფიშვილის თქმით, ეს პოლიტიკური თვალსაზრისით ნიშანდობლივი ფაქტორია.
„როცა სასამართლოს რეფორმების ტალღები დააანონსეს, ერთ-ერთ მორიგ ტალღაზე პოლიტიკოსების, იუსტიციის მინისტრი იქნებოდა ეს თუ პარლამენტიდან, საჯარო წუხილის საგანი იყო, რომ დასაშვებობის საკითხი ისეა დარეგულირებულიო, რომ უზენაეს სასამართლოში უსაქმურად სხედან და სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენო. ამის იქით ცვლილება არ წასულა. ვფიქრობ, ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვანია და ამ კონტექსტში საკმაოდ კარგად წარმოაჩენს ახლანდელი სამთავრობო და საკანონმდებლო ძალების მიდგომას კანონისადმი, რეფორმებისადმი და იმ პროცესებისადმი, რაც დაკავშირებულია განვითარებასთან“, - ამბობს ალაფიშვილი.
მისი განმარტებით, არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილი მოახდენს უზენაეს სასამართლოში საქმის დაშვებაზე გავლენას, არამედ სწორად შედგენილი საჩივარიც.
„როგორ იქნება გასაჩივრებული და რამდენად არგუმენტირებულად, რამდენად წონიანი და სწორად შედგენილი იქნება საკასაციო საჩივარი. ჩვეულებრივი სარჩელისგან განსხვავებით საკასაციოს საჩივარს, ამ დასაშვებობის მომენტის გათვალისწინებით, გარკვეული სპეციფიკა აქვს და განსხვავებული მიდგომა სჭირდება. აქ ნაკლებია შინაარსობრივი, მაგალითად, მტკიცებულებების დასაშვებობა და ა.შ. უფრო მეტი უნდა იყოს პრაქტიკის პრეცენდენტის მნიშვნელობაზე მსჯელობა და ამ საქმიდან გამომდინარე, რა გავლენის მოხდენა შეუძლია. პირველი ფილტრი სწორედ ეს უნდა იყოს“, - განმარტავს ალაფიშვილი.
რაც შეეხება ვადას, იურისტის თქმით, ვადა შეზღუდული არ არის.
„თუ გავითვალისწინებთ ზოგად ჩანაწერს, 2-თვიანი ვადაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის გაგრძელებაც ასევე შესაძლებელია, როგორც წესი პრაქტიკაში მინიმუმ 6 თვე ხდება ხოლმე საქმის შეყოვნება და უფრო ხანგრძლივი ვადითაც“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.