„ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი”, „ლგბტ საქართველო”, „ახალგაზრდა მწვანეები”, „ქალთა მზერა”, „ლგბტქი ასოციაცია-თემიდა” და ლგბტ თემის მეგობრები სოლიდარობას უცხადებენ აქტივისტებს, რომლებიც 17 მაისს - ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს დააკავეს ჰომოფობიის საწინააღმდეგო სტენსილების განთავსების დროს და მანიფესტს ავრცელებენ. მათი თქმით, ლგბტ აქტივისტები წელს იძულებულნი იყვნენ მიემართათ ამგვარი პარტიზანული მეთოდებისთვის, ვინაიდან ხელისუფლებამ მათ არ მისცა უსაფრთხოების გარანტია, რათა საჯარო სივრცეში აღენიშნათ 17 მაისი.
„ლგბტ თემი დღესდღეისობით საქართველოში ყველაზე მოწყვლადი და ჩაგრული ჯგუფია, რომლის მიმართაც გახშირებულია ძალადობა ულტრა-მემარჯვენე, პრორუსული და ეკლესიასთან აფილირებული ფაშისტური ძალების მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ სტენსილების განთავსებისთვის სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოსალოდნელია, აქტივისტების დაკავება მოხდა ძალის გადამეტებით, კანონის და ადამიანის უფლებების დარღღვევით და ღირსების შემლახავი მეთოდებით:
- აქტივისტები დააკავეს სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომელთა იდენტიფიცირება პოლიციელებად არ იყო შესაძლებელი. არც ერთ მათგანს არ მოუხდენია საკუთარი თავის იდენტიფიცირება პოლიციის თანამშრომლად, არ განუმარტავთ მათი უფლებები. ასევე აქტივისტები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს არა პოლიციის, არამედ სამოქალაქო მანქანებით.
- დაკავებულებს არ მისცეს საშუალება ადვოკატისთვის ან ახლობლებისთვის დაერეკათ რამდენიმე საათის განმავლობაში.
- დაკავებულებს მიმართავდნენ დამცინავი სიტყვებით და ეპყრობოდნენ დამამცირებელად, დაკავებისას გამოიყენეს ფიზიკური ძალადობა. ამასთან, განყოფილებაში და სასამართლოს წინასწარი დაკავების საკნებში გაჟღერდა ჰომოფობიური გამონათქვამები, პოლიციელები არღვევდნენ ეთიკის პრინციპებს და დაარღვიეს რელიგიური ნეიტრალიტეტი.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო და პოლიცია ცალსახად ემხრობა ეკლესიას და მასთან აფილირებულ პრო-ფაშისტულ ძალებს. აქტივისტებს ქალაქის იერსახის დამახინჯებას ედავებიან, თუმცა სახელმწიფოს აღნიშნული საკითხი სხვა შემთხვევებში ნაკლებად აღელვებს. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ 17 მაისს არც ქალაქის იერსახის და ისტორიული ღირებულების დასაცავად გამოსულ მოძრაობა “ერთად”-ს მიეცა პროტესტის გამოხატვის საშუალება. ფაქტია, რომ მსვლელობისა და ცენტრალური ქუჩების გადაკეტვით სარგებლობა მხოლოდ სამღვდელოებამ და ეკლესიასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა შეძლეს.
ლგბტ თემს კარგად ახსოვს, რომ სახელმწიფოს თვეები დაჭირდა იმ მოძალადე სასულიერო პირების გასასამართლებლად, რომელთა ძალადობრივი ქმედებებიც ვიდეოებზე იყო აღბეჭდილი. არც ერთი მათგანი არ ყოფილა დაკავებული და მათი სამართლიანად დასჯა დღემდე ვერ მოხერხდა.
შერჩევითი ერთგულების და მიკერძოების ნიშანია ასევე, რომ მუნიციპალურმა სამსახურმა სულ რამდენიმე საათში გადაღება და „გაწმინდა“ ქალაქი ლგბტ აქტივისტების მიერ განთავსებული წარწერებისგან, როდესაც აპოლიტიკური და შეურაცხმყოფელი შინაარსის წარწერების წაშლის და ქალაქის დასუფთავების დროს მსგავსი ოპერატიულობით არ გამოირჩევიან.
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე
მოვუწოდებთ სასამართლოს:
- უდანაშაულოდ ცნოს 17 მაისს დაკავებული აქტივისტები, რომლებიც სახელმწიფოს უუნარობის გამო გახდნენ იძულებული პარტიზანული მეთოდებით განეხორციელებიათ გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება.
ვითხოვთ სახელმწიფოსგან:
სრულად გაიაზროს მარგინალიზებული ჯგუფების დაცვის ვალდებულება და მისცეს ლგბტ თემს უსაფრთხოების გარანტიები, რათა მოგვეცეს საჯარო სივრცეში აზრის გამოხატვის საშუალება;
- უზრუნველყოს საჯარო მოხელეების და პოლიციის თანამშრომლების მიერ სეკულარიზმის პრინციპის და ადამიანის უფლებების პატივისცემა.
მოვუწოდებთ პოლიტიკური პარტიების:
- არ დაუშვან ლგბტ თემისთვის მტკივნეული საკითხებით მანიპულირება საარჩევნო კამპანიების დროს.
მოვუწოდებთ მედიას:
- მეტი სენსიტიურობა გამოიჩინოს ლგბტ თემის საკითხებზე მუშაობისას და სათანადო დრო დაუთმოს მის გაშუქებას.
მოვუწოდებთ საზოგადოებას:
- სოლიდარობა გამოვუცხადოთ ლგბტ თემს და ხელი შევუწყოთ ქვეყანაში მრავალფეროვნების პატივისცემის კულტურის დანერგვას.
მოვუწოდებთ დიპლომატიურ კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციებს:
- გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა სათანადოდ იქნას დაცული ადამიანის უფლებები და ლგბტ თემის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის, უფლებები სახელმწიფოში“, - ნათქვამია მანიფესტში.
24 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტზე დახატვისთვის ბრალეულ ნიკოლო ღვინიაშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე (იერსახის დამახინჯება) მუხლის მეორე პრიმა მუხლის დარღვევაში ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, და ითვალისწინებს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ადვოკატ შოთა თუთბერიძის თქმით (TDI), აქტივისტებმა პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასფალტზე დახატეს. მისი თქმით არც ერთი ადმინისტრაციული ორგანო მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის.
როგორც მან სასამართლოს განუნარტა, მსგავსი სახის ნებართვა, რომ ასფალტზე ნახატი განათავსო, არ გაიცემა არც ერთი ადმიმისტრაციული ორგანოს, მათ შორის არც მერიის მიერ.
მისი თქმის, მალევე აქტივისტების ნახატები გადაღებეს, განსხვავებით სხვა ნახატებისა, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა, რაც მხოლოდ შინაარსობრივ ცენზურაზე მიუთითებს.
„ეს იყო მიზანმიმართული ცენზურა ლგბტ აქტივისტების პროტესტისა" - თქვა ადვოკატმა
17 მაისს გამთენიისას სტენსილების გაკვრისა და ნახატების გაკეთების დროს თბილისში ლგბტ აქტივისტები დააკავეს. ისინი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.