წარმოშობით ამერიკელი, 29 წლის ომარ მატეენი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ ISIS-ის სახელით მოქმედებდა, გასულ ღამეს ქალაქ ორლანდოში მდებარე გეიკლუბში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღით 50 ადამიანი მოკლა. მომხდარი ამერიკის ისტორიაში 11 სექტემბრის შემდეგ ყველაზე სისხლიან ტერაქტად შეფასდა.
*თავდამსხმელი 29 წლის ომარ მატეენი FBI-მ 2013-2014 წლებში დაკითხა, თუმცა საფრთხის შემცველად არ მიიჩნია.
*მატეენმა ბოსტონის ტერაქტის დროს 911-ზე დარეკა და ISIS-ის წევრი თავდამსხმელების ვინაობა დაასახელა.
*ორლანდოს პოლიციამ შემთხვევის ადგილზე მოკლა მატეენი.
*მატეენის ყოფილი ცოლი ამბობს, რომ მას მენტალური პრობლემები ჰქონდა.
მატეენი წუხელ, შუაღამის 02:00 საათზე ავტომატითა და პისტოლეტით შეიარაღებული შეიჭრა ხალხით სავსე კლუბ „პულსში“ და ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 50 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 53 კი დაიჭრა.
3 საათის განმავლობაში კლუბში ჩაკეტილი ადამიანები რეკავდნენ და წერდნენ ახლობლებს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც პოლიციამ შტურმით აიღო შენობა და მოკლა მატეენი.
„როგორც ჩანს, ის კარგად იყო მომზადებული“, - ორლანდოს პოლიციის უფროსი ჯონ მინა ამბობს, რომ ამ დრომდე მათ არ იციან, ჰყავდა თუ არა მატეენს თანამზრახველი.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არ აუღია ISIS-ის, თუმცა მათი მხარდამჭერები პრო-ISIS ფორუმებზე ტერაქტის საქებარ პოსტებს აქვეყნებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა მომხდარის შესახებ ხალხს მიმართა. „ჩვენ საკმარისი ვიცით იმის თამამად სათქმელად, რომ ეს იყო ტერორისა და სიძულვილის აქტი. ძალადობა შეეხო მთელ ამერიკულ საზოგადოებას, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებით მტკივნეულია ჩვენი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მეგობრებისთვის“.
მატეენის მშობლები, რომლებიც წარმოშობით ავღანეთიდან არიან, იხსენებენ, მათი შვილის როგორი აღშფოთება გამოიწვია მაიამიში 2 მამაკაცის ნახვამ, რომლებიც ერთმანეთს კოცნიდნენ. თუმცა, მათივე თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ ის იმდენად რელიგიური იყო და რომ რაიმე კავშირი ჰქონდა ISIS-სთან.
დოკუმენტების მიხედვით, 2009-2011 წლებში მატეენი დაქორწინებული იყო ეთნიკურად უზბეკ ქალზე, შემდეგ კი განქორწინდა.
მისი ყოფილი მეუღლე, სიტორა იუსუფი კი ამბობს, რომ ის და მატეენი ერთად სულ 4 თვის განმავლობაში იყვნენ, თუმცა განქორწინების პროცესი დიდხანს გაუგრძელდათ. როგორც ყოფილი ცოლი იხსენებს, მატეენი ქორწინების დასაწყისში არაფერს ავლენდა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ მასზე ძალადობა დაიწყო. მისივე თქმით, მატეენს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა, თუმცა ოფიციალური დიაგნოზი არ დაუსვამთ. ის, ყოფილი ცოლის თქმით, რელიგიური იყო, თუმცა, მისი აზრით, იმდენად არა, რომ ამას მიეცა ბიძგი ადამიანებზე თავდასხმისკენ.
2007 წლიდან მატეენი უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრად მუშაობდა G4S Secure Solutions-ში, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდი კომპანიაა კერძო უსაფრთხოების სამსახურებს შორის.
ერთ-ერთ პრო-ISIS ფორუმზე მომხდარიდან მალევე გავრცელდა არაბულ ენაზე მესიჯი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალაქ ორლანდოში გეიკლუბს ISIS-ის მებრძოლი დაესხა თავს.
თუმცა CNN-ის თანამშრომელი სალმა აბდელაზიზი, რომელმაც თარგმნა მესიჯი და ზოგადად ISIS-ის მსგავსი ტექსტების მონიტორინგს აწარმოებს, ეჭვქვეშ აყენებს მესიჯის სინამდვილეს.
მისი თქმით, წერილის ენა არ ემთხვევა ISIS-ის წინა განცხადებების ენას და არაბული სიტყვა, რომელიც გეის აღნიშნავს, განსხვავებით ISIS-ის სხვა წერილებისგან, ამჯერად ეპითეტად იყო გამოყენებული. ასევე დაუდასტურებელია, რომ თავდასხმა მათგან იყო მართული, მხოლოდ მომხდარის შემდეგ გამოჩენილი მესიჯი ასევე არ არის ISIS-ის სტილი.
„პულსი“, რომელიც ორლანდოში ცნობილი გეიბარია, იმ ღამით 300-ზე მეტ კლიენტს მასპინძლობდა. თავდასხმას გადარჩენილები იხსენებენ, რომ პანიკის ტალღა თავიდან დამაბნეველი იყო, სიბნელისა და ხმამაღალი მუსიკის გამო.
„თავიდან ისეთი ხმა იყო, შოუს ნაწილი გვეგონა, მაგრამ როცა ადამიანები განწირულ კივილს იწყებენ, უკვე ხვდები, რომ ეს შოუ აღარაა“, - იხსენებს ერთ-ერთი გადარჩენილი.
გადარჩენილები ყვებიან დრამატულ ამბებს, როგორ ემალებოდნენ თავდამსხმელს, როგორ იფარავდნენ თავს გარდაცვლილების სხეულებით.
05:00 საათზე პოლიციამ შესასვლელების ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და ჯავშანმანქანით შემტვრევა და თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახერხა.
წყარო: CNN