მესტიის რაიონში „ნენსკრა ჰესის“ ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი დასკვნა ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში გასცა. „ლიბერალი“ იმყოფებოდა მესტიის რაიონში, მდინარე ნენსკრის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც „ნენსკრა ჰესის“ კაშხლის აშენება იგეგმება. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, ადგილზე, სადაც კაშხლის აგება იგეგმება, ამ დროისთვის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, ახლა ეძებენ ისეთ მყარ ადგილს, სადაც კაშხლის აშენება იქნება შესაძლებელი.
მისი ინფორმაციით, იმ ადგილებში, სადაც შესწავლის მიზნით მიწა გაბურღეს, მჟავე წყალმა ამოხეთქა, შესაბამისად, ამ დრომდე ვერ მოხერხდა მყარი ადგილის მოძებნა. მისი თქმით, აღნიშნული კვლევა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე უნდა ქწარმოებინათ.
„აქ არ მიმდინარეობს არანაირი სხვა სამუშაოები, გარდა გეოლოგიური შესწავლისა. გარემოზე შემოქმედების შესახებ ანგარიშში ასევე არაა შესწავლილი მეწყერები, რომელიც კაშხლის ტერიტორიაზე მოექცევა, ასევე ის, თუ რა გავლენას მოახდენს ამ ადგილის დატბორვა მყინვარების დნობაზე. საინტერესოა, გარემოს დაცვის სამინისტრომ, როგორ გასცა ჰესის მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური დასკვნა, როდესაც ეს ყველაფერი არ იყო შესწავლილი და უფრო მეტიც, ახლა მიმდინარეობს გეოლოგიური შესწავლა. რა საჩქარო იყო, შარშან, ოქტომბერში დასკვნის გაცემა“, - ამბობს ჭიპაშვილი.