„ეს რეფერენდუმი არაკონსტიტუციური იქნება, მაგრამ, თუ მაინც ჩაატარეს, ერთადერთი შეიძლება პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოიყენონ - რომ ეს არის ხალხის ნება და თქვენ ვალდებულები ხართ, ხალხის ნებას დაჰყვეთ. ეს იქნება არაკონსტიტუციური რეფერენდუმის წმინდა პოლიტიკური მანიპულაციებისთვის გამოყენება“, - კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი „ლიბერალთან“ ცესკოში დარეგისტრირებული სარეფერენდუმო შეკითხვის სამართლებრივ მხარეზე საუბრობს.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის (ალექსანდრე ბრეგაძე, სოსო მანჯავიძე,ზვიად ტომარაძე) 13 მაისს წარდგენილი სარეფერენდუმო საკითხი დაარეგისტრირა.
„თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“ - ასეთია შეთავაზებული რეფერენდუმის შეკითხვა.
თუმცა მანამდე ცესკომ ამავე საინიციატივო ჯგუფის შეთავაზებულ სარეფერენდუმო საკითხს - „თანახმა ხართ თუ არა, საქართველოს კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ ქორწინება წარმოადგენს ოჯახის შექმნის მიზნით კავშირს მამაკაცსა და ქალს შორის?“ - რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მიზეზად მოთხოვნის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა დასახელდა.
ზედელაშვილი განმარტავს, რომ სარეფერენდუმო შეკითხვის პირველ ფორმულირებაზე ცესკოსგან უარის საფუძველი იყო, ის რომ შეკითხვა შეეხებოდა კანონში ცვლილების შეტანას, კანონის შეცვლას ან გაუქმებას.
„წაიკითხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კონსტიტუციის 74-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ რეფერენდუმით კანონის მიღება ან გაუქმება არ შეიძლება და, შესაბამისად, უარი თქვა დარეგისტრირებაზე. თუ იმავე განმარტებას გამოიყენებს, იგივე გავრცელდება ამ კითხვაზეც. ამ ფორმულირებას კიდევ დამატებითი პრობლემა ის აქვს, რომ წინააღმდეგობრივი და უშინაარსოა, რამდენადაც კანონმდებლობაში ეს საკითხი აქამდეც ასეა მოგვარებული“, - ამბობს ზედელაშვილი.
როგორც კონსტიტუციონალისტი განმარტავს, კონსტიტუციის გადასინჯვას რეფერენდუმის გზით საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს. ერთადერთი პროცედურა კონსტიტუციის 102-ე მუხლშია გაწერილი და მხოლოდ ამ პროცედურით შეიძლება საქართველოს პარლამენტის მიერ ორ თანმიმდევრულ სესიაზე სულ მცირე 3 თვის შუალედით პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ის მხარდაჭერით განხორციელდეს. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი პროცედურა კონსტიტუციის გადასინჯვისა.
რაც შეეხება სარეფერენდუმო კითხვის ახალ ფორმულირებას, რომელიც ცესკომ ამჯერად დაარეგისტრირა, ზედელაშვილი ამბობს, რომ სამოქალაქო კოდექსით საკითხი ისედაც ამ ფორმულირებით არის განსაზღვრული და, აქედან გამომდინარე, რას შეეხება კითხვა, გაურკვეველია - სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმა უკვე მიუთითებს, რომ ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი.
„თუ დამატებითი განმარტება არ მოჰყვა ახლა დარეგისტრირებულ ფორმულირებას, ის, რეალურად, გასვლის შემთხვევაშიც ვერ აღსრულდება. არავითარი სამართლებრივი ეფექტი მას ვერ ექნება“, - ამბობს ზედელაშვილი.
როგორც კონსტიტუციონალისტი განმარტავს, ეს სარეფერენდუმო კითხვა „ყოველმხრივ დეფექტურია“ და ამის საბუთად კიდევ ერთი ხარვეზი მოჰყავს - ადამიანის უფლებების შეზღუდვა.
„36-ე მუხლი მოიცავს ადამიანის უფლებას ქორწინებაზე და ოჯახური ცხოვრების პატივისცემაზე. რამდენადაც კითხვა ადამიანის ამ კონსტიტუციური უფლების შინაარსის განსაზღვრაზეა და უფლების შინაარსს აზუსტებს, ასეთი რეფერენდუმის გამართვა კონსტიტუციის 74-ე მუხლით კატეგორიულად აკრძალულია - რეფერენდუმის, რომელმაც შეიძლება შეზღუდოს ადამიანის უფლება“, - ამბობს ზედელაშვილი.
კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, თავად ცესკომ არ უნდა მიმართოს პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნის თაობაზე, თუნდაც ხელმოწერების შეგროვების შემთხვევაში და თუ მაინც მიმართა, „პრეზიდენტმა ეს არაკონსტიტუციური რეფერენდუმი კატეგორიულად არ უნდა დანიშნოს“.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი პროცედურების მიხედვით, საკითხის ცესკოში რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. მას შემდეგ კი, რაც ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი უფლებამოსილია დანიშნოს რეფერენდუმი 30 დღის ვადაში.