MDF-ის კვლევის თანახმად, „ასავალ-დასავალში” მთავრობის სამწლიანი მუშაობის შეჯამების ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული სარეკლამო მასალის განთავსებას საფუძვლად საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ნოემბრის #2552 განკარგულება დაედო.
აქვე აღსანიშნავია, რომ „მედიის განვითარების ფონდის" ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ყველაზე მცირეთანხიანი კონტრაქტები გაზეთ „ასავალ-დასავალსა” (2500 ლარი) და ინტერპორტალ „ექსკლუზივნიუსთან” (4730 ლარი) გაფორმდა.
„ღიად დეკლარირებული ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსის გარდა, გაზეთი „ასავალ-დასავალი” ანტიდასავლურ განწყობებსაც აღვივებს. გაზეთის პლატფორმა უფრო ეთნონაციონალისტურია, თუმცა როგორც მედიის განვითარების ფონდის კვლევა ცხადყოფს, შინაარსი პრორუსული მედიების ნარატივის იდენტურია. „ექსკლუზივნიუსმა“ გამოაქვეყნა ჰომოფობიური შინაარსის დეზინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გიორგი ვაშაძის ძმის მამაკაცზე დაქორწინების შესახებ, სათაურით „ვაშაძის ძმა“ გათხოვდა”?!. აღნიშნული პუბლიკაციის გამო გამოცემას დავით ვაშაძემ სასამართლოში უჩივლა და პირველი ინსტანციის სასამართლო მოიგო" - ვკითხულობთ კვლევაში.
ამავე კვლევის თანახმად, მედიაკავშირ „ობიექტივში” გადაცემა „ეტალონის” დაფინანსების მიზნით ეტალონ მედიასთან 68 616 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.
„კონტრაქტების ნაწილი საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერში აღებული ვალდებულებების „ობიექტივის” ეთერში გადატანას ითვალისწინებდა. ხელშეკრულება 16 საბიუჯეტო ორგანიზასთან გაფორმდა, საიდანაც 12 ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იყო. დამფინანსებელთა შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს შსს აკადემია გვხვდება. 2013-2014 წლებში ობიექტივის საბიუჯეტო კონტრაქტები 52 167 ლარს შეადგენდა, კონტრაქტები კი განათლების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროებთან, შსს-სა და სოფლის მეურნეობის სსიპებთან იყო გაფორმებული" - ვკითხულობთ კვლევაში.