პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „სტარტაპ საქართველოს" პროექტის პრეზენტაცია „ტექნოპარკში" გამართა.
„მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების განვითარება, რათა ადამიანებმა იფიქრონ,როგორ მოიფიქრონ ახალი იდეები იმისათვის, რომ შექმნან საკუთარი ბიზნესი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ეკოგარემო, რომელშიც ახალგაზრდები, ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანები ამას შეძლებენ. ამიტომ, დღეს ვიწყებთ სრულიად ახალ პროგრამას - „სტარტაპ საქართველო“. ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესობისკენ, გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებს, დამწყებ ბიზნესმენებს უნდა ჰქონდეთ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეა და შესაძლოა, სრულიად არ ჰქონდეთ კაპიტალი, რომლითაც ბიზნესი უნდა დაიწყონ. გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ახალი პროგრამა გამორჩეულია იმით, რომ ქმნის შესაძლებლობებს ნიჭიერი ადამიანებისთვის, საწყისი კაპიტალის არქონის პირობებშიც წამოიწყონ ბიზნესი.
პრემიერის თქმით, პროგრამისთვის საწყის ეტაპზე 11 მილიონი ლარი გამოიყოფა, ხოლო შემდგომ გათვალისწინებულია პროგრამის ბიუჯეტის 35 მილიონ ლარამდე გაზრდა.
პრაგრამაში განაცხადების მიღება (www.startup.gov.ge) დღეიდან დაიწყება და 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მთავრობის ინფორმაციით, ტექნოპარკში იხსნება „ფრონტოფისი", რომელიც დაინტერესებულ პირებს გაუწევს კონსულტაციას აპლიკაციის შევსებაში და მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროგრამის შესახებ
პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო. საპარტნიორო ფონდი ქმნის სპეციალურ შვილობილ კომპანიას - ფონდს „სტარტაპ საქართველო“, ფონდი შექმნის ახალ ერთობლივ კომპანიას (სტარტაპს) პროგრამის თითოეულ ბენეფიციართან.
იდეის ავტორის თანადაფინანსება იქნება პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10%, იდეა კი შეფასდება სულ მცირე 40%-იან წილად. ერთობლივ სტარტაპ კომპანიაში ბენეფიციარი გახდება, სულ მცირე, 50%-იანი წილის მფლობელი.
შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, გამოისყიდოს ფონდის წილი შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორი,
იმ შემთხვევაში, თუ იდეა შეეხება მაღალტექნოლოგიურ დარგს და არის უნიკალური, ბენეფიციარს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო აფინანსებს და მას აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება. ბენეფიციარის წილი კომპანიებში იქნება 95%, ხოლო სააგენტოს მხრიდან პროექტი 100 ათას ლარამდე დაფინანსდება
პროგრამის ფარგლებში შესაძლოა, დაფინანსდეს ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით.