გაეროს მკვლევრების დასკვნით, „ისლამური სახელმწიფო“ სირიასა და ერაყში ეზიდების გენოციდს მიმართავს - მათი მკვლელობებით, სექსმონობით, ჯგუფური გაუპატიურებებით, წამებითა და შეურაცხყოფებით.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, რომელიც ათობით გადარჩენილთან ინტერვიუებს ეფუძნება, დგინდება, რომ ISIS-ის მებრძოლები, მათ შორის უცხოელებიც, 2014 წლიდან მოყოლებული, სისტემატურად იტაცებდნენ ეზიდებს, სირიასა და ერაყში „მათი იდენტობის წაშლის“ მიზნით.
ამავე ანგარიშში აღწერილია, თუ როგორ ცდილობდნენ ISIS-ის მებრძოლები ამ მიზნის მიღწევას კაცების იძულებით, აერჩიათ სიკვდილი ან ისლამზე მოქცევა, 9 წლის გოგონების გაუპატიურებითა და ქალების მონათა ბაზრებში გაყიდვით.
გაეროს ანგარიშით ირკვევა, რომ ISIS მონებს ონლაინაუქციონებით ყიდის - დაშიფრული აპლიკაციის გზით, სადაც გატაცებული ეზიდი ქალებისა და გოგონების ფოტოები ქვეყნდება. ერთ-ერთმა გადარჩენილმა ქალმა გაეროს მკვლევრებს უთხრა, რომ ის 15-ჯერ გაყიდეს და ვერც კი იხსენებს ყველა მებრძოლს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მისი მეპატრონეები იყვნენ.
გაეროს მკვლევრებმა შეაგროვეს დამადასტურებელი საბუთები, რომ ISIS-ის მებრძოლები ეზიდ მამაკაცებსა და 12 წელს ზემოთ ასაკის ბიჭებს დანარჩენი ოჯახის წევრებისგან აცალკევებენ, აიძულებენ ისლამზე მოქცევას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოჯახის წევრების თვალწინ ხოცავენ. ამის შემდეგ ოჯახის დანარჩენი წევრები ერაყის გავლით სირიაში გადაჰყავთ, სადაც გატაცებულთა უმრავლესობა დღემდე რჩება.
„არც ერთ რელიგიურ ჯგუფს, ISIS-ის მიერ კონტროლირებად სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე არ მისდგომია ისეთი ზიანი, როგორც ეზიდებს“, - ნათქვამია ანგარიშში.
ეზიდების საერთო რაოდენობა 700 000-ია და მათი უმეტესობა ჩრდილო ერაყში, სინჯარაში და მის მიმდებარედ ცხოვრობენ. ეზიდები უმეტესად ეთნიკურად ქურთები არიან და თავიანთი სინკრეტული რელიგია დღემდე მოიტანეს, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრისა და მოსპობის მუქარისა.
45-გვერდიანი ანგარიში ასკვნის, რომ „მიმდინარეობს ეზიდების გენოციდი“.
4 დამოუკიდებელი საგანგებო რწმუნებულის მტკიცებით, სულ მცირე, 3 200 ქალი და ბავშვი დღემდე ISIS-ის ტყვეობაში რჩება.
„საცხოვრებელი პირობების ისეთ კონდიციამდე მიყვანა, რომელიც ნელ სიკვდილს იწვევს; ეზიდებში შობადობისთვის ხელის შეშლა; მოზრდილების ძალდატანებით ისლამზე მოქცევა; ეზიდი ქალებისა და კაცების განცალკევება; მენტალური ტრავმები; ეზიდი ბავშვების ოჯახებიდან მოწყვეტა და მათი ISIS-ის მებრძოლებთან გაზრდა, ახალ იდეალებზე; ტყვე ქალების გაუპატიურება ყოველდღიურად და გაქცევის მცდელობისას მათი დასჯა შვილის მოკვლით - კომისიამ ასევე დაადგინა, რომ ეზიდებიდან ბევრი ქალი და გოგონა თავს იკლავს. გადარჩენილები იხსენებენ, როგორ წვრთნიან ISIS-ის მებრძოლები 7 წლის ეზიდ ბიჭებს: „თუ ნახე მამაშენი, რომელიც ისევ ეზიდია, უნდა მოკლა“.
წყარო: The Telegraph