
„ნაადრევია საუბარი იმაზე, შეიცავს თუ არა ეს კონტრაქტი საფრთხეებს, ვინაიდან კონტრაქტი ნანახი არ გვაქვს, მიზნები არ ვიცით, არ ვიცით, სად შეიძლება მიემართოს ეს გაზი, თუ საერთოდ ასეთი კონტრაქტი შედგა“, - პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, „გაზპრომსა“ და ქართულ კომპანია „გაზკო პლუსს“ შორის კონტრაქტი არ გაფორმებულა და დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება. ქუმსიშვილმა განმარტა, რომ ეს არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც სახელმწიფო ჩართული არ არის და არც იმ ადამიანებს იცნობს, ვინც მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
„მეც ეს ყველაფერი შევიტყვე ღია საინფორმაციო წყაროებიდან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კონტრაქტი არ არის გაფორმებული და ძალიან დიდი ალბათობით, ვერც გაფორმდება. თუმცა, ვიმეორებ, რომ არის კომერციული ურთიერთობები, რომელშიც არ ვართ ჩართულები - პირადად მე არ ვარ ჩართული. ვფიქრობ, არც ენერგეტიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გარიგება არ არის დახურული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, დღესდღეობით საქართველოს საჭიროებებს Socar-ისგან მოწოდებული გაზი სრულად აკმაყოფილებს.
„Socar არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომელმაც ჩვენი მოთხოვნები დაფარა. საქართველოს მოთხოვნები სრულად არის დაფარული“, - დასძინა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
დღეს „გაზპრომის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ქართულ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს 100 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით. როგორც „გაზპრომის“ განცხადებაშია ნათქვამი, შესაბამის დოკუმენტს 16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, „გაზპრომის“ პრეზიდენტმა ალექსეი მილერმა და ქართულო კომპანია „გაზკო პლუსის" კომერციულმა დირექტორმა, გიორგი მამალაძემ მოაწერეს ხელი. კონტრაქტის მოქმედების ვადა მიმდინარე წლის 1 ივლისი-31 დეკემბერია.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეფასებით კი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ჩართულობის გარეშე ამგვარი კონტრაქტის გაფორმება წარმოუდგენელია. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
„გაზპრომი“ კარებიდან არ შემოვუშვით და ფანჯრიდან აპირებს შემოპარვას. რომელიღაც უცნობ ქართულ ფირმასთან გააფორმა ხელშეკრულება 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდების შესახებ. ჯერ კიდევ გასარკვევია, ეს მართლა შემოპარვაა, თუ მთავრობის ხელშეწყობით ხდება ყველაფერი.
„გაზპრომის“ გაზმა სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებსა და გაზგამანაწილებელ სადგურებში უნდა გაიაროს, სანამ მომხმარებლამდე მიაღწევს. ამ მილსადენს და მასთან დაკავშირებულ სისტემას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მართავს, რომელთან ცალკე ხელშეკრულების გარეშე ამ ქართული ფირმის მიერ „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას აზრი არა აქვს. გამოდის, რომ ჯერ აქ მოაგვარა საქმე და მერე რუსეთში.
სასწრაფოდ უნდა გასცეს პასუხი ენერგეტიკის სამინისტრომ, გასცა თუ არა ნებართვა. ასევე უნდა განიმარტოს, მაშინ როცა დამატებითი გაზი მივიღეთ Socar-დან და შახდენიზის საერთაშორი კონსორციუმიდან, რატომ გახდა აუცილებელი „გაზპრომიდან“ გაზის შესყიდვა. ასევე უნდა განიმარტოს, შეისწავლა თუ არა ენერგეტიკის სამინისტრომ რუსეთიდან გაზის იმპორტის პირობები. ხომ არ არის დემპინგური ფასით საქართველოში შემოსვლის ტაქტიკა გამოყენებული? რა ფასად და რა მიზნით უთმობს სახელმწიფო თავის მილსადენებს აბსოლუტურად უცნობ და გამოუცდელ კომპანიას? რას პასუხობს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მიიღეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გამოძებნეს საქართველოსთვის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსი და მისი მიწოდების ტექნიკური საშუალებები?
თუ ეს ხელშეკრულება ძალაში შევა, მთავრობამ და ცალკეულმა პირებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი ქვეყნისათვის ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამაზიანებელი ქმედებისათვის“, - წერს რომან გოცირიძე.