
KALA CAPITAL LIMITED-ის დირექტორების განცხადებით, კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არანაირი გადარიცხვა არ განხორციელებულა, - KALA CAPITAL LIMITED-ის დირექტორები განცხადებაშით პასუხობენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ასაჯაროებს დოკუმენტებს, რომელთა მიხედვითაც ირკვევა, რომ კრიმინალურმა ავტორიტეტმა, დავით ქარსელაძემ, იმავე „კალატოზამ“, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, ფული გადაურიცხა სპორტსმენებს ვლადიმერ გეგეშიძესა და გიორგი გიგაურს. ირმა ნადირაშვილისა და ოთარ კახიძის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტები ცხადყოფს „როგორ ურიცხავს „კალა კაპიტალი“ ფულს კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირებს“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, დავით ქარსელაძის ძმა ვასილ ქარსელაძე კახი კალაძის უშუალო ლობირებით ცოტა ხნის წინ თბილისის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
პარტიის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, რუსული სააქციო სააქციონერული საზოგადოება „ალფა - ბანკი“ ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიგაურსა და ვლადიმერ გეგეშიძეს რუსეთის მოქალაქემ, დავით ქარსელაძემ ანგარიში გაუხსნა სანოტარო კანტორა „ფედინ A A“-ს თავდებობით, რათა მათ საქმე ეწარმოებინათ.
„ალფა - ბანკის“ დოკუმენტების მიხედვით, გიორგი გიგაურის ანგარიშზე 2016 წლის 17 მაისისთვის კომპანია KALA CAPITAL LIMITED-მა ერთხელ გადარიცხა თანხა 10 000 დოლარის ოდენობით. რაც შეეხება ვლადიმირ გეგეშიძეს, ამავე პერიოდის მონაცემებით, კომპანია KALA CAPITAL LIMITED-მა ორჯერ გადაურიცხა თანხა 15 000 და 10 000 დოლარის ოდენობით.
„ჩვენ, „კალა კაპიტალ ლიმიტედის“ დირექტორები - ჯორჯ ათანასი და სუზან კალოგრეიდსი ვაცხადებთ, რომ კომპანიას შექმნის დღიდან არასდროს საოპერაციო-საბანკო ანგარიში კვიპროსში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში არ ჰქონია, შესაბამისად, არანაირი გადარიცხვა კომპანიის მიერ 2016 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. აგრეთვე, არ გაცემულა მესამე პირებზე უფლებამოსილება საბანკო ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.