„ქალთა მოძრაობა“ „რუთავი 2-ის“ თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართავს „შაბათის კურიერის“ წამყავნის გიორგი გაბუნიას მიერ გაკეთებული განცხადების გამო. გიორგი გაბუნიამ 11 ივნისს, 21:12 საათზე მოსამართლე ნათია გუჯაბიძისადმი ასეთი ფორმულირება გამოიყენა: „ცუდია, რომ ნიკა გვარამია არ აჰყვა მოსამართლე ნათია გუჯაბიძის თამაშს, თორემ ახლა ხომ მოუწევდა ქალბატონ ნათიას მანტიის გახდა. არამგონია მანტიის ქვეშ რამე დიდად საინტერესო დაგვხვედროდა, მაგრამ მაინც“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წამყვანის რეპლიკა მაუწყებლობის შესახებ კანონსა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილ ნორმებს ეწინააღმდეგება და, სწორედ ამიტომ, „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-მა“ უნდა შეაფასოს წამყვანის განცხადება და სათანადო რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებთან მისი შეუასაბამობის გამო“.
„ქალთა მოძრაობა“ გიორგი გაბუნიას განცხადებას სექსისტურად და გენდერული ნიშნით შეურამხყოფელად აფასებს, რადგან „გიორგი გაბუნიამ განზრახ თუ გაუფრთხილებლად, სექსუალურ ობიექტად წარმოაჩინა მოსამართლე ნათია გუჯაბიძე. ხოლო, „მანტიის გახდის“ (რაც მოსამართლის პროფესიული უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს) ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთა, რომ მაყურებელს აქცენტი გადაატანინა მოსამართლის სხეულზე და მისი სხეულის შესაძლო არასრულყოფილებაზე. წამყვანის ეს შეფასება კვებავს და ამყარებს ჩვენს ისედაც უკიდურესად პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებულ იმ სტერეოტიპებს, რომელთა თანახმადაც ქალის განათლება, კარიერა და საქმიანობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გარეგნობა, ჩაცმულობა და ასე შემდეგ. სექსიზმის საკითხის გასარკვევად შემდეგი კითხვის დასმა იქნებოდა მარტივი გამოსავალი: მოსამართლე ნათია გუჯაბიძე მამაკაცი რომ ყოფილიყო, გააკეთებდა თუ არა გიორგი გაბუნია იგივე განცხადებას? ამ კითხვაზე მიღებული უარყოფითი პასუხი არის იმის დასტური, რომ გიორგი გაბუნიას ეს განცხადება სწორედ მოსამართლე ნათია გუჯაბიძის სქესით იყო განპირობებული“.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასული ეს ფრაზა ეწინააღმდეგება მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტს. ამავე კოდექსის 31-ე მუხლის თანახმად: მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე.
განცხადებაში საუბარია გიორგი გაბუნიას რეპლიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამისობაზე.
„ქალთა მოძრაობა“ „რუსთავი 2-ს“ სთხოვს, რომ ზეპირ მოსმენაზე საკითხი განიხილონ და რეაგირება მოახდინონ მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, როგორც ამ ინდივიდუალური შემთხვევის განხილვით, ასევე გენდერული თანასწორობის საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებული ზოგადი პოლიტიკის შემუშავებით.