„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიას თავად გაუგზავნა გადაწყვეტილება, რაც, მისი თქმით, კანონდარღვევაა, რადგან „მხარის ვალდებულებაა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, ის თავად უნდა მივიდეს სასამართლოში და თავად უნდა ჩაიბაროს გადაწყვეტილება, თან თვითონ უნდა გადაწყვიტოს როდის მივა ამ შუალედში“.
გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობას გადაწყვეტილი ჰქონდა, სასამართლოს გადაწყვეტილება 30-ე დღეს ჩაებარებინა და მაქსიმალურად გამოეყენებინა მათთვის კანონით მიცემული ვადა.
„გადაწყვეტილება,როგორც აღმოჩნდა 12 დღეში დაწერა. ის შედგება 71 გვერდისგან. ქალბატონო გუჯაბიძე, მოგიწევთ მანტიის გახდა იმიტომ, რომ სრულიად შეუძლებელია 12 დღეში 71 გვერდი დაგეწერათ თქვენი კვალიფიკაციის პატრონებს. ეს გადაწყვეტილება ჩვენ არ ჩაგვიბარებია იმდენად, რამდენადაც კანონის დარღვევაა. სასამართლო გადაწყვეტილების გაგზავნის ინტიტუტს არ იცნობს. მხოლოდ ორი გამონაკლისია საპროცესო კანონდებლობით დადგენილი და ეს არის სოციალურად დაუცველი პირი და პატიმარი. ძალიან მაინტრესებს რომელ კატეგორიაში გაგვიყვანეს. რეალური შედეგი ამისა ის არის, რომ ჩვენ, სასამართლოს მეშვეობით 18 დღე მოგვპარეს“ , - განაცხადა „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა სპეციალურ ბრიფინგზე.
ნიკა გვარამია აღნიშნულ ფაქტს „რუსთავი 2-ის“ შტურმით აღების მცდელობას უწოდებს და, მისი თქმით, ადასტურებს იმას, რომ სასამართლოს კედლებში მიმდინარე პროცესი არის სრული ფიქცია.
ნიკა გვარამია იუსტიცისს უმაღლეს საბჭოსა და უზენესი სასამართლოს თავმჯდომარეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ტელეკომპანიისთვის გაგზავნილი გადაწყვეტილების შესახებ შემდეგი კითხვებით მიმართავს:
„რას აკეთებს სააპელაციო სასამართლო, რა ქმედებებია ეს, საიდან იწყება ჩვენი საკასაციო საჩივრის ათვლის ვადა, რა უფლებას გვანიჭებს და რა ვალდებულებებით ზღუდავს სასამართლოებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი, რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევთ, რატომ გადაიხადა სასამარლომ ამაში ფული“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე.
მან ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდა, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდნენ და გამოძიება დაიწყონ.
„რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი ქვეყნის პირველ პირსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც მიმართავს.
„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ჩვენი კონსტიტუციური უფლებების გარანტს, ჩვენ ამ ქვეყანაში დატოვებულები ვართ კანონგარეშედ, არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოგვესპო, საერთოდ აღარანაირი უფლება აღარ დაგვრჩა. თქვენ კონსტიტუციით გევალებათ, რომ იყოთ თითოეული ჩვენგანის და, ასევე, ამ ტელეკომპანიის, როგორც იურიდიული პირის უფლებების დამცველი და ამ უფლებების აღსრულების გარანტი. ჩვენ პასუხს, პირველ რიგში, თქვენგან ველოდებით. ასრულებთ თქვენს საპრეზიდენტო მოვალეობებს, თუ არ ასრულებთ. ზუსტად იგივე კითხვები მაქვს ქვეყნის მეორე პირთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. თუ თქვენი სინდისი და ღირსება არ გაქვთ გაცვლილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე, რაც ძალიან ნათლად იკითხება ბოლოდროინდელ კანონპროექტებში, იმავე კითხვებზე განმარტებას თქვენგანაც მოვითხოვ, რადგან თქვენ მაღალი კვალიფიკაციის იურისტი ბრძანდებით და პასუხს მოვითხოვ კითხვაზე, გვაქვს თუ არა ჩვენ ამ ქვეყანაში რაიმე უფლებები და ვინ დაიცავს ამ უფლებებს. სადამდე აპირებს ბიძინა ივანიშვილი წასვლას? ეს კითხვები იმიტომ არის წარმოშობილი, რომ დღევანდელი საქციელის შემდეგ ჩვენი ფიზიკური ლიკვიდირების გარდა არაფერი არ არის დარჩენილი“,- თქვა ნიკა გვარამიამ.
მისი განცხადებით, „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლები შენობას არ დატოვებენ იმ გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც კანონსა და კონსტიტუციას არღვევს.
10 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის" წილის მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშისა (60%) და შპს „პანორამას“ (40%) ცნობის შესახებ.
რაც შეეხება გადაწყვეტილების გაგზავნის პროცედურას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად,
მუხლი 259 პრიმა. გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის ჩაბარება
1. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
2. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებითდადგენილი წესით.