ისტორიული რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა დარჩეს თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობაში, თუ უნდა დატოვოს ის, დაიწყო.
ხმის მიცემაში დაახლოებით 46 499 537 ადამიანი მონაწილეობს, რაც ბრიტანული არჩევნებისთვის რეკორდული მაჩვენებელია.
ხმის მიცემის უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 22:00 საათზე დაიხურება.
ეს ბრიტანეთის ისტორიაში მესამე საყოველთაო რეფერენდუმია და მას წინ ევროკავშირში დარჩენისა და ევროკავშირის დატოვების მომხრეების კამპანიების 4-თვიანი ბრძოლა უძღოდა.
რეფერენდუმის ბიულეტენზე სარეფერენდუმო კითხვა ასე გამოიყურება: „დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრ ქვეყნად უნდა დარჩეს, თუ უნდა დატოვოს მისი შემადგენლობა?“
რომელი მხარეც ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს, მოგებულად ის მიიჩნევა.
რეფერენდუმის უბნების დახურვის შემდეგ ყუთებში დალუქულ ბიულეტენებს დამთვლელ პუნქტებში გადაიტანენ. მათი რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით 382-ა.
ეს პუნქტები წარმოადგენს ინგლისის 380 მუნიციპალიტეტს, აგრეთვე შოტლანდიას, უელსს და ამას დამატებულ ჩრდილო ირლანდიასა და გიბრალტარს.
ინდივიდუალურად მუნიციპალიტეტების შედეგები ღამის განმავლობაში გახდება ცნობილი.
შესაძლებელია რეფერენდუმის შედეგი მის ოფიციალურ გამოცხადებამდე გახდეს ცნობილი, ოფიციალურ ვერსიას კი საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი გამოაცხადებს მანჩესტერში. საარჩევნო კომისია ოფიციალური შედეგის გამოქვეყნების სავარაუდო დროდ პარასკევ დილას ასახელებს.
დღევანდელი რეფერენდუმის გამართვის შესახებ ღიად საუბარი დევიდ კამერონმა ჯერ კიდევ 2014 წლის სექტემბერში დაიწყო.
„ამას, მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში ვამბობდი - თუ ბრიტანეთის ინტერესებში აღარ იქნება, ევროკავშირის წევრობის საკითხს განსახილველად გამოვიტან“, - განაცხადა 2014 წლის 29 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმა, BBC-ს ეთერში.
მაშინ კამერონი აღნიშნავდა, რომ ეს ღრმად პატრიოტი პოლიტიკოსის პოზიცია იყო, რომელსაც სურს, იყოს იმ ამაყი ერის წარმომადგენელი, ვინც საკუთარ ქვეყანას დამოუკიდებლად მართავს.
თუმცა მაშინ კამერონი იმედს გამოთქვამდა, რომ ევროკავშირში სარგებლის მიღების წესს შეცვლიდა.
„სხვა საკითხია, საფრანგეთსა და ესპანეთში სამუშაოდ წასვლის უფლება გქონდეს, ან ფრანგები და ესპანელები სამუშაოდ აქ ჩამოვიდნენ, რაც განსხვავდება იმისგან, რომ მუშაობდე ბრიტანეთში და შემოსავალს სამშობლოში შენს ოჯახს უგზავნიდე“, - ამბობდა კამერონი.
კამერონმა მაშინ ევროკავშირის წევრ დანარჩენ 27 ქვეყანას ულტიმატუმით მიმართა მათთან ურთიერთობის ფორმატის შეცვლაზე.
„მსურს, მათ დაინახონ, რა არის ჩვენი მიზანი. თუ ამ მიზანს ვერ მივაღწევ, შემდეგ ბრიტანელების გადასაწყვეტი იქნება, დავრჩებით ევროკავშირის შემადგენლობაში, თუ არა“, - ასეთი იყო კამერონის პოზიცია 2014 წელს.
წყარო: BBC