მიუხედავად იმისა, რა წარმატებებს მიაღწია დევიდ კამერონმა პრემიერობის 6 წლის განმავლობაში, იგი ყოველთვის დარჩება გაერთიანებული სამეფოს პოლიტიკის ისტორიაში პრემიერ-მინისტრად, რომლის დროსაც ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი.
არის თუ არა ეს შემთხვევა მისი პოლიტიკური კარიერის პარადოქსი?!
დევიდ კამერონმა ათწლიანი პაუზის შემდეგ, „კონსერვატიული პარტია" მთავრობაში დააბრუნა და პარტიას თითქმის 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
უახლეს ისტორიაში მხოლოდ გრაფ სტენლი ბოლდუინს, ლედი თეტჩერსა და სერ უინსტონ ჩერჩილს ეკავათ ეს თანამდებობა მასზე დიდი ხნის განმავლობაში.
2005 წელს, როდესაც კამერონი ბრატანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე შეიჭრა და ლიდერობისთვის ბრძოლაში ცნობილი და გავლენიანი მეტოქეები დაამარცხა, სურდა, რომ მასში დაენახათ ახალი სახე კონსერვატორისა - ახალგაზრდა, ლიბერალურად განწყობილი, სოციალური პრობლემებით დაინტერესებული და პირველ რიგში, როგორც თანამედროვე ლიდერი.
კამერონის მოღვაწეობის დროს პარტიაში ევროკავშირში წევრობის საკითხზე პოლიტიკური დაპირისპირებების ატმოსფერო არ ყოფილა. ძველი ლიდერების დროს კი პარტია განხეთქილების პირას ხშირად მისულა.
პირიქით, დევიდ კემერონის დროს პარტიაში დამყარებული იყო პოზიტიური, ოპტიმისტური ხედვა ბრიტანეთზე. კემერონს სურდა, „კონსერვატორები" სახელმწიფო სისტემაზე მზრუნველ და ეკონომიკურ წინსვლაზე ორიენტირებულ პოლიტიკოსებად ექცია.
2008 წელს, როდესაც „ბანკების კრიზისი"დაიწყო, კემერონის ტონი შეიცვალა. სოციალური რეფორმები ძველებურად რჩებოდა დღის წესრიგში, თუმცა ამჯერად ტრადიციული კონსერვატიული აქცენტით. მან ბიუჯეტის პრობლემის მოსაგვარებლად სოციალურ სფეროში ხარჯის შემცირება დაისახა მიზნად.
მომავალი პრაგმატიკოსი, კამერონი, ყველა იდეოლოგიის მიმართ ეჭვით იყო გამსჭვალული და ყოველთვის მზად იყო თავისი პოზიცია დროის ცვალებადობისთვის მოერგო.
„მე ვარ პრაქტიკული და პრაგმატული ადამიანი. ვიცი, რას მინდა მივაღწიო, მაგრამ არ ვარ ერთგული ერთი რომელიმე იდეოლოგიური მეთოდისა", - ამბობს კამერონი.
სწორედ, ეს უნარი ეხმარებოდა დევიდ კამერონს, ჩამოეყალიბებინა ალიანსი პოლიტიკურ ოპონენტებთან, თუმცა ამის გამო მისი იდეოლოგიის გამზიარებელ პოლიტიკოსებთან დაპირისპირება უწევდა. კოლეგებში ასევე უნდობლობას იწვევდა კამერონის წარმომავლობის საკითხი. ამან პიკს მიაღწია მას შემდეგ, რაც დევიდის გარდაცვლილი მამა იენ კამერონი ოფშორულ სკანდალში გახვეული ერთ-ერთი პანამური იურიდიული ფირმის Mossack Fonseca-ს მომხმარებელთა სიაში დასახელდა. საბოლოოდ კამერონი აღმოჩნდა ბრიტანეთის ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გამოაქვეყნა თავისი საგადასახადო დეკლარაციები.
დოკუმენტები ადასტურებს, რომ მას დედისაგან მემკვიდრეობით ერგო 200 ათასი ფუნტი სტერლინგი, რომლის მიღებაც სამემკვიდრეო გადასახადის გარეშე შეძლო.
კამერონმა პირობა დადო გაემართა რეფერენდუმი ევროკავშირის წევრობაზე, როდესაც „კონსერვატორებმა" პოზიცია ოდესღაც კამერონისგან „ნიღაბამოფარებულ რასისტებად" შეფასებულ ევროსკეპტიკურ პარტიას (UKIP) დაუთმეს. კამერონის შეპირებული რეფერენდუმის წყალობით „ევროპა" არ იყო მწვავე თემა 2015 წლის არჩევნებზე, სადაც UKIP-მა მიიღო მხოლოდ ერთი ადგილი პარლამენტში. მალე ხელისუფლების პოზიციამ განიცადა მარცხი, კამერონის გადაწყვეტილებით უკმაყოფილონი იყვნენ მისივე პარტიის წარმომადგენლები.
ბრიტანეთში ევროსკეპტიციზმმა იმატა, ამიტომ კამერონმა გადაწყვიტა, რეფერენდუმი ზაფხულში გაემართა.
რეფერენდუმის გამართვამდე კამერონი იძულებული გახდა, მიემართა დიპლომატიისათვის და დროულად მიეღწია ევროკავშირის ლიდერებთან შეთანხმებისთვის, რაც საშუალებას მისცემდა ბრიტანეთს, დარჩენილიყო ევროკავშირის შემადგენლობაში. თუმცა წინადადება, რომელიც მან ბრიუსელში მიიღო, კრიტიკოსების მხრიდან უგულებელყოფილი იყო, რადგან არ პასუხობდა ბრიტანეთის მიერ დადებულ პირობებს განსაკუთრებით კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეების, საზღვარზე თავისუფლად გადაადგილების შესახებ. ბრიტანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტმა დაახლოებით 52% ხმა მისცა ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან.
ეს რეფერენდუმი აღმოჩნდა კამერონის 6-წლიანი პრემიერობის დასასრული.
წყარო: BBC