საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ანგარიშის შეფასებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აღდგენაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმის მაგივრად რომ დახვეწილიყო რეგულაციები და საქმე ტექნიკურად მოგვარებულიყო, დათვალიერება სრულიად გაუქმდა, რაც შეცდომაა.
კვირიკაშვილის განცხადებით, ავტომობილის ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღდგეს, ოღონდ უკეთესი ევროპული პრაქტიკით.
პრემიერმა ასევე ისაუბრა დასახულ გეგმებსა და იმ უარყოფით მხარეზე, რომელიც ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გაუქმებას მოჰყვა.
„ჩვენ გვაქვს გეგმები, რომ მოვიწვიოთ საერთაშორისო კომპანიები, რათა სწორი სისტემა ჩამოვაყალიბოთ, საერთოდ გამოვრიცხოთ კორუფცია ამ სისტემაში და რაც ყველაზე მთავარია, იყოს ხელმისაწვდომი, იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვები ავადდებიან ამის გამო. ბავშვთა ასაკში სიმსივნის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია და ვერავითარ შემთხვევაში ვერ შევწირავთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობას იმას, რომ საქართველოს ჰქონდეს საამაყო, რომ ნაკლები რეგულაციები აქვს. დასაცავია ბალანსი რეგულაციებსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.