ლონდონის ცენტრში რამდენიმე ათასმა ადამიანმა ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გააპროტესტა. დემონსტრანტები ტრაფალგარის მოედანზე შეიკრიბნენ და შეძახილებით - „EU We Love You!" გზა პარლამენტისკენ განაგრძეს.
მომიტინგეების ხელით შესრულებულ პლაკატებზე იკითხებოდა შემდეგი ფრაზები: „ყველას გვატყუებდნენ“; „იმიგრანტებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, „ლონდონი - ევროპული ქალაქი“; „მე არ გავალ ჩემი ევროპიდან“.
დემონსტარნტები უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდნენ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის კამპანიის ლიდერის, ლონდონის ექსმერის, ბორის ჯონსონის მიმართ.
„ეს არ არის ნაიჯელ ფარაჯის ქვეყანა, ეს ჩვენი ქვეყანაა“, - ამბობდა მომიტინგეთა ლიდერი.
ინიციატორებმა მიტინგის შესახებ ინფორმაცია Facebook-გვერდით გაავრცელეს.
მოგვიანებით, მიტინგის Facebook-გვერდზე დაწერეს, რომ რამდენადაც აქციაზე დასწრების მსურველ ადამიანთა რაოდენობა იყო 50 000, ხოლო ტრაფალგარის მოედანი მხოლოდ 10 000 ადამიანს იტევდა, უსაფრთხოების სამსახური შესაბამისად ვერ გააკონტროლებდა მიტინგს და ამიტომ ქალაქის მერია მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლეოდა.
მიუხედავად ამისა, მიტინგი დათქმულ დროს საღამოს 5 საათზე გაიმართა. მოედანზე თავდაპირველად 2 000 დემონსტანტი შეირკიბა პლაკატებით, თუმცა BBC-ის ინფორმაციით, ხალხის რაოდენობა ყოველ წუთს იზრდებოდა და უკვე ნახევარი საათის შემდეგ მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი იდგა წვიმაში. მათ უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენდნენ.