
გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი გერმანიას პირველ ლედისთან ერთად ეწვია.
პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივნის, თენგიზ ფხალაძის განცხადებით, იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ წარმოიქმნა ევროპაში, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი უაღრესად მნიშნელოვანია.
„აქტუალურია საქართველოს პრეზიდენტის ყოფნა აქ და მისი შეხვედრები გერმანიაში, რათა ამ ვითარებაში არ მოხდეს აქცენტის გადატანა საქართველოდან სხვა საკითხებზე და საქართველოს თემატიკა კვლავაც აქტუალურად იყოს ევროპულ დღის წესრიგში" - განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, განიხილავენ როგორც ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვიზიტის ფარგლებში გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს იოახიმ გაუკის შეხვდება, ბელვიუს სასახლეში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე დაგეგმილია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას შეხვედრა გერმანიის პირველ ლედისთან, დანიელა შადტთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს, ასევე ბუნდესტაგისა და ბუნდესრატის პრეზიდენტებს შეხვდება.
საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში კონრად ადენაუერის ფონდში სიტყვით გამოვა და მიწვეული სტუმრების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან მთავრობის წარმომადგენლები, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები.