Panama Papers-ის შესახებ სტივენ სოდერბერგი ფილმს იღებს. Panama Papers საეჭვო ფინანსური მონაცემების გაჟონვის შესახებ მასალებია, რომელშიც აღწერილია, თუ როგორ მალავენ ფულს ოფშორულ ზონებში მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები.
ფილმი, რომელიც „გრეი მეთთერ ფროდაქშენსა“ და „ანონიმუს ქონთენთთან“ თანამშრომლობით კეთდება, ეყრდნობა ჟურნალისტ ჯეიკ ბერნშტაინის წიგნს „გასაიდუმლოებული მსოფლიო“. პროექტი სწრაფად დაიძრა: ბერნშტაინის წიგნი აპრილში გამოვიდა და მედიაში Panama Papers-ის შესახებ პირველი ახალი ამბის გაჩენისთანავე მისი ეკრანიზაციის უფლებაც გაიყიდა.
ბერნშტაინი, რომელიც გამომძიებელი ჟურნალისტების იმ საერთაშორისო კონსორციუმის წევრია, ფულის დამალვის ეს სქემა რომ გამოააშკარავა, სცენარის წერაში არ მონაწილეობს. მის ნაცვლად სოდერბერგის პარტნიორი სკოტ ბარნსი შეეჭიდება გადასახადებისგან გაქცევის ამ საიდუმლო სქემის კინომასალად ქცევას.
ბარნსის ეს ამოცანა არც ისე მარტივად გამოიყურება, თუმცა მან სოდებერგთან ერთად ერთხელ უკვე მოახერხა არჩერ დენიელს მიდლანდის ფასების სკანდალის ამბის ფილმად ქცევა. ასე რომ, შეუძლებელი არაფერია. ვინ შეასრულებს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების როლებს, ჯერჯერობით, უცნობია. წიგნის გამოსვლამდეც დიდი დროა - 2017 წლის შემოდგომამდე ის დღის სინათლეს ვერ იხილავს, თუმცა ფილმის პროდუსერები მაინც ახმაურებენ სავარაუდო ვერსიებს, რომელთა შორის არიან: ჯეკი ჩანი, ემილიო ესტევესი და ემა ვოტსონი. განიხილავენ რეჟისორის კანდიდატურასაც - თუ სოდერბერგი მხოლოდ ფილმის პროდუსერობას დასჯერდება და რეჟისორობაზე უარს იტყვის, ამ ადგილზე პედრო ალმოდოვარსაც განიხილავენ.