„მედიის განვითარების ფონდი" (MDF) სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტებზე მაისის თვის წინასაარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ძალადობის წამახალისებელ სიძულვილის ენას „ქართული ოცნების" დეპუტატები - ომარ ნიშნიანიძე და კარლო კოპალიანი იყენებენ.
ომარ ნიშნიანიძე, ქართული ოცნება:
„ნაციონალების” მიერ პროვოკაციების აცილება არჩევნებამდე შეიძლება, მანამდე მათ ცხვირ-პირი აქვთ დასამტვრევი. უნდა ვაჩვენოთ მათი ადგილი. ხალხის წინაშე გამოჩენა უნდა შერცხვეთ, რაც მათ ბინიძური საქმეები აქვთ გაკეთებული"…
ომარ ნიშნიანიძე, „ქართული ოცნება“:
„მთელი საქართველო ხელებს ლოცავს, მათ ხელებს, ვინც გალახა ბოკერია და ა.შ და ასე რომ ვთქვათ, ჩვენ ვის ვსჯით? მათ ვსჯით?...არჩვენების დღეს და არჩვენების პერიოდში არ შეიძლება მათი ცემა, თორემ ისე საცემრები არიან, მათ რომ სირცხვილი ჰქონდეთ, ნამუსი ჰქოდეთ, შუბლზე ძარღვი ჰქონდეთ საერთოდ არ უნდა ჩდებოდნენ ხალხში".
კარლო კოპალიანი, „ქართული ოცნება“:
„სააკაშვილო, საყვარელიძევ და მთელო „სანაცეთო“, ვეღარ გაძეხით ხომ ჩვენი სისხლით?! დაბრუნება მოგინდათ, არა, თქვე მართლა ბნელეთის მოციქულებო?! როგორც თქვენი ხუშტურიანი პრეზიდენტყოფილი ვერ დაუბრუნდება საღ გონებას, ისე ვერ დაუბრუნდებით თქვენ ხელისუფლებას. მსგავსი პროვოკაცია რომ თქვენს დროს ვინმეს გაებედა და დაეგეგმა, ცოცხზეშესმული, კბილებჩამსხვრეული და დაინვალიდებული ამოყოფდა თავს ციხის კამერაში, ამიტომ ჩემი რჩევაა - ფრთხილად იყავით, ზღვარს ნუ გადადიხართ და ხალხის ნერვებზე ნუ თამაშობთ, თორემ შეიძლება, ჩვენც ვეღარ გიშველოთ “.
MDF-ის თანახმად, სიძულვილის ენა სააგარიშო პერიოდში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ გამოიყენა:
„ ...სხვათა შორის ისიც [ვიცე-პრემიერი კახი კალაძე] გახლავთ კუნთმაგარი და გონებაშეზღუდული ადამიანი, რომელსაც ნამდვილად უჭირს სწორი დასკვნების გამოტანა და ცალსახად თქვა, რომ დიახ, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი საქციელი... ნუ, ახლა რა მდგომარეობაშია მისი აზროვნების კოეფიციენტი, თავადაც ხვდებით.“
რაც შეეხება ჰომოფობიურ გამონათქვამებს, მონიტორინგის თანახმად, ჰომოფობიურ სიძულვილის ენას შემდეგი დეპუტატები იყენებენ:
თამაზ მეჭიაური, (21 მაისს დატოვა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)
„ელჯიპიტი კი არ არი აიქ ვინც მიდიან და თხუპნიან საპატრიარქოს, ეგენი არიან პიდარასტები. ელჭიპიტია თუ პიდარასტი არ ვიცი, მოაშორეთ აქედან რა.
ნუკრი ქანთარია, ქართული ოცნება:
„არასდროს არ ყოფილა რომეო და რომეო, ჯულიეტა და ჯულიეტა, ხომ?... ეს არ არის ბუნებრივი, ეს არის გადახრა, ეს არის ზოგჯერ წამხედურობა, ზოგჯერ სენი, მაგრამ ეს არ არის ორგანული”.
ზვიად ძიძიგური, „ქართული ოცნება-კონსერვატორები“:
„ბავშვებს აქვთ უფლება, რომ მათი დედები იყვნენ ქალები და მათი მამები – კაცები. ჩვენ უნდა დავიცვათ ბავშვების უფლებები.“
ომარ ნიშნიანიძე, „ქართული ოცნება“:
„იცით, გული რაზე მიკვდება? არ მინდა, რომ ჩემი მანდატი ვიღაც ლიბერასტსა და ნაცს ჩავაბარო!”
მერაბ კვაჭახიძე, „ქართული ოცნება“:
„რაც შეეხება ბატონს (ლგბტ თემის წარმომადგენელს მიმართავს), თუ რა ვიცი, როგორ მივმართო, წვერს რომ ატარებს, ჩემდა გასაკვირად და ოჯახი ვერ შეუქმნია, თუ ასე გულმხურვალედ ხართ შეყვარებული თქვენს მეორე ნახევარზე, რომელსაც ვერანაირად, ვერ ახდენთ ამ ქვეყანაში ლეგალიზებას, წადით იმ ქვეყანაში! უცხოელია ხომ, ჩემი მეუღლეო?! შექმენით ოჯახი და ჩამოიყვანეთ ეს ადამიანი, რა პრობლემაა...
MDF-ის კვლევის სუბიექტები საზოგადოებრივი მაუწყებელი, „რუსთავი 2“, „იმედი“, „მაესტრო“, „კავკასია“, „ტაბულა“, „GDS“; „IPN“, „მარშალპრესი“, „ნეტგაზეთი“, „PIA“, „პირველი რადიო“ არიან.