„მეგონა, რომ ევროპული სტანდარტი გაგრძელდებოდა ბოლომდე და ჩვენ დავრჩებოდით [თანამდებობებზე] არჩევნებამდე. მე არ მქონდა დაგეგმილი არჩევნებში მონაწილეობა, ამიტომ უნდა ვიფიქრო“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა „რესპუბლიკური პარტიის" ბრიფინგის შემდეგ, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ ორი „რესპუბლიკელი" მინისტრი თანამდებობებს დატოვებს.
როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, გუშინ ესაუბრა პრემიერ-მინისტრს და მკაფიოდ დაინახა პოზიცია, რომ „ქართულ ოცნებას“ ურჩევნია, გამოკვეთილად პარტიული მინისტრები ჰყავდეს.
„გუშინდლამდე ყოველდღიურ რეჟიმში ვაგრძელებდი მუშაობას. გუშინ არსებითად შეიცვალა ვითარება. ვინაიდან არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი პოზიციები, არ შემეძლო, შემეყოვნებინა ჩემი საქმიანობა. დღეიდან დაიწყება პროცესი, რომ გადავიტანო საკითხები. ჩემს პირველ მოადგილეს ჩავაბარებ მიმდინარე საქმეებს. ამას, ალბათ, 10-12 დღე დასჭირდება“, - განაცხადა ჟურნალისტებთან პაატა ზაქარეიშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, თავი პარლამენტის წევრად ვერ წარმოუდგენია, რადგან გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება უყვარს.