Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები - რას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობა"

12 ივლისი, 2016 16:21

რას გააკეთებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში - ამ საკითხზე დღეს პარტიამ პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა. ლიბერალური სისხლის სამართლის პოლიტიკა, სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება, სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოება, ბავშვების, ქალებისა და უმცირესობების დაცვა ძალადობისგან - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის" სამოქმედო გეგმაშია საუბარი. 

რას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობა" სისხლის სამართლის პოლიტიკის კუთხით:

პარტიის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის თანახმად, შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება დანაშაულთა მთელ რიგ კატეგორიებთან მიმართებაში, განსაკუთრებით ეს ეკონომიკურ დანაშაულებს ეხება. ამ მხრივ გამონაკლისს განსაკუთრებით მძიმე და ძალადობრივი დანაშაულები წარმოადგენს. აღკვეთის ღონისძიების უკიდურესი ფორმა კი საპატიმრო გირაო იქნება და არა პატიმრობა. პატიმრობა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იქნება გამოყენებული.გარდა ამისა, გადაიხედება გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულები და მოხდება სასჯელთა ლიბერალიზაცია.  ამასთან, მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარებაზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ განხორციელდება.

რას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობა" სასამართლოში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად:

პარტიის სამოქმედო გეგმის მიხედვით, მართლმსაჯულების სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების მიზნით, როგორც დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, ზედა ინსტანციის სასამართლოში მაღალი რეპუტაციის უცხოელი მოსამართლეები იქნებიან მოწვეულები. ისინი განსაზღვრული ვადით დაინიშნებიან  და მათ ეპატობრივად  ჩაანაცვლებენ  ადგილობრივი მოსამართლეები. ამასთან, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განსჯადობა სისხლის სამართლის ყველა იმ საქმეზე გავრცელდება, რომელიც 1 წლით ან მეტი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდისა და მოსამართლეებზე ძალადობის აღკვეთის მიზნით, ამერიკული მოდელის მიხედვით, შეიქმნება სასამართლო მარშლის ინსტიტუტი. მოსამართლეებზე პოლიტიკური ზეწოლის შემცირების მიზნით, გაუქმდება მოსამართლების სამწლიანი გამოსაცდელი ვადა და ყველა მოსამართლე სიცოცხლის ბოლომდე დაინიშნება ამ თანამდებობაზე. გარდა ამისა, სრულად ამოქმედდება მოწმის მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვის წესი.

სამოქმედო გეგმაში აღნიშნულია, რომ შეიქმნება დავების განხილვის საბჭოს ანალოგიური მექანიზმი - ადმინისტრაციული არბიტრაჟი და მოქალაქის მიერ დავის მოგების შემთხვევაში, სახელმწიფო გადაწყვეტილებას სასამართლოში ვერ გაასაჩივრებს.

რას გვპირდება "ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად:

პარტიის 2016-2020 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, პროკურატურას საგამოძიებო ფუნქცია აღარ ექნება. ის მხოლოდ გამოძიებაზე ზედამხედველი და სასამართლოში სახელწმიფო ბრალდების მხარდამჭერი უწყება იქნება. ამასთან, შეიქმნება პროკურატურისგან დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახური, რომელიც სამართალდამცველების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს გამოიძიებს. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით კი ამოქმედდება მთავარი პროკურორის შერჩევის ახალი წესი და მასში ჩართული იქნება პარლამენტიც. ამასთან, გაფართოვდება სამართალწარმოების პროცესში ადვოკატების უფლებები.

რას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობა" პოლიციაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად:

პარტიის სამოქმედო გეგმის თანახმად, გაუქმდება ფინანსური პოლიცია და ბიზნესთან დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი მეწარმის ინტერესებზე გახდება ორიენტირებული. ამასთან, 2017 წლიდან გაუქმდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შსს-ს სისტემაში იმუშავებს კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტული დეპარტამენტები. ამ გეგმის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფარულ მიყურადებას ეხება. როგორც გეგმაში ვკითხულობთ, 2017 წლის იანვრამდე შეიქმნება სამართალდამცავი ორგანიებისგან დამოუკიდებელი, საგამოძიებო ფუნქციის არმქონე ტექნიკური სამსახური, რომელსაც კანონმდებლობით დაშვებულ შემთხვევებში ფარულ მიყურადება დაევალება. გარდა ამისა, აღდგება დანაშაულის რეგისტრაციის სისტემა და პოლიციელს დაბალი სტატისტიკის ჩვენების მიზნით მისი გაყალბება აღარ მოეთხოვება.

რას გვპირდება „ნაციონალური მოძრაობა" სასჯელაღსრულების სისტემის გასაუმჯობესებლად:

პარტიის 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმის თანახმად, თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში დამოუკიდბელი საზოგადოებრივი მონიტორინგის საბჭო შეიქმნება. დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერებზე პირდაპირი წვდომა ექნებათ ომბუდსმენსა და პარლამენტის ნდობის ჯგუფს. გარდა ამისა, ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც პარლამენტის დეპუტატს უფლება ექნება, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დაუბრკოლებლად შევიდეს ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში, მათ შორის ციხეებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, პარტიის მიმართ ძირითადი პრეტენზია სწორედ ადამიანის უფლებების დაცვას უკავშირდებოდა. მისი თქმით, არჩევნები ყოველთვის იძლევა ბევრი რამის შეცვლის შესაძლებლობას, რაც მისი შეფასებით, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ არ გამოიყენა და მთელი რიგი პრობლემების მოსაგავარებლად პოლიტიკური ნება არ აღმოაჩნდა.

დავით ბაქრაძის განცახდებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური ოპონენტების დევნას არ აპირებს. მისი თქმით, ერთდროულად ორი რამ - ქვეყნის წინსვლა და შიდა დაპირისპირებები, შეუძლებელია. 

„ჩვენ ბევრი უსამართლობა ვნახეთ ამ 4 წლის განმავლობაში. ადამიანი ისეა მოწყობილი, ვიდრე თავის თავზე არ გამოცდის დევნას, მანამდე ვერ უღრმავდება რაღაცებს. ჩვენ გავიარეთ ჩვენი მხარდამჭერების და თანამოაზრეების დევნა და ჩვენ იმავეს აღარ გავიმეორებთ. „ნაციონალური მოძრაობა" ანგარიშსწორების ახალი ტალღის დასაწყებად არ მოდის. პირიქით, ჩვენი მიზანი საზოგადოების გამთლიანებაა", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გიორგი ტუღუშმა „ლიბერალთან" საუბრისას განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციებს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით რამდენიმე ძალიან საინტერესო ინიციატივა აქვთ და პარტია ყველა პროგრესულ ინიციატივას დაუჭრს მხარს. მისი თქმით, სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების ერთ-ერთი ყველაზე რეალური მექანიზმი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს უკეთ განვითარებაა. ტუღუშის შეფასებით, ამ ინსტიტუტის მიმართ კრიტიკა ამჟამინდელი ხელისუფლებისგან გვესმის, რომელმაც არათუ არ განავითარა ის, არამედ საკანონმდებლო დონეზე მის მოსპობასაც ცდილობდა.

„ამ ინსტიტუტს აქვს გარეკვეული ნაკლოვანებებიც, მაგრამ დღეს ამაზე სწორი გზა არ გვაქვს. თუმცა ეს სხვა ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუნდაც მოსამართეების შერჩევასთან დაკავშირებით. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ, რომ მოსამართლე სიცოცხლის ბოლომდე უნდა გამწესდეს ამ თანამდებობაზე, მის შესარჩევად მკაცრი კრიტერიუმები უნდა გამოვიყენოთ. მაგრამ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადა მცდარია, რადგან ამით მოსამართლეზე ზეწოლის ბერკეტს იტოვებ".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^