„კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, სირიაში დაბომბვის შედეგად 34 წლის რუსლან ქავთაროვი დაიღუპა. მათივე ინფორმაციით, ქავთაროვი სირიაში 2014 წლიდან იმყოფებოდა, მანამდე კი ჯერ პანკისში ცხოვრობდა, შემდეგ - გროზნოში, საიდანაც ევროპაში წავიდა.
რუსლან ქავთაროვს ცოლი და სამი შვილი დარჩა, მისი ოჯახის წევრები სტრასბურგში ცხოვრობენ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ რუსლან ქავთაროვი საფრანგეთის მოქალაქეა და ამიტომ, უწყება სრულყოფილად არ ფლობს მის შესახებ ინფორმაციას.
„გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაიღუპა და ჩვენი ინფორმაციითაც ასეა, მაგრამ ბოლომდე ვერ დაგიდასტურებთ“, - აცხადებენ სუს-ში.
„კახეთის საინფორმაციო სააგენტოს" ცნობით, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს 19 პანკისელი დაიღუპა.