განათლების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მასწავლებლების განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, სქემის პირველი საპილოტო ეპატი დასრულდა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი უკმაყოფილების მიზეზი ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი იყო, რომელიც მათ ძალიან რთულად და არაშესაფერისად ჩათვალეს.
„მე მინდა ვთქვა, რომ სხვა ცვლილებებთან ერთად, ვიდეოგაკვეთილები სავალდებულო აღარ იქნება. ამაზე გვქონდა კონსულტაცია მასწავლებლების პროფესიულ კავშირთანაც, ჩვენს სამსახურებთან. შევქმნით ალტერნატივას, ანუ არ ვაუქმებთ, თუმცა ეს იქნება ნებაყოფლობითი. ამის შედეგად მოველით, რომ გაცილებით მეტი მასწავლებელი იქნება მოტივირებული, რომ პროფესიული მომზადების შემდეგ საფეხურზე გადავიდეს და გაცილებით უფრო ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს. მე ვფიქრობ, რომ ეს სქემა წინ გადადგმული ნაბიჯია და კონკრეტულად ის ცვლილებები, რაც ახლა შედის, იქნება პოზიტიური ამ სისტემის შემდგომი სწრაფი განვითარებისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.