პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი წევრები დღეს, საგურამოში დაასახელა.
პარტიის წევრები იქნებიან:
თამარ ჩუგოშვილი - საიას ყოფილი თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი;
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის მაგისტრის ხარისხის მფლობელი. არის მრავალი ნაშრომის ავტორი. 2013-14 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი.
გიორგი გახარია - ბიზნესომბუდსმენი;
ლომონოსოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი.
ირაკლი კობახიძე - პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი;
მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიაში. 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია დიუსელდორფის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციებში ექსპერტად და პროექტების მენეჯერად, ასევე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უნივერსიტეტში. ის ახლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია.
აკაკი ზოიძე - ჯანდაცვის სისტემის ექსპერტი;
კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო დასახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის 7 წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც მსოფლიო ბანკის, გაეროს, ევროგაერთიანების და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ექსპერტს.
არჩილ თალაკვაძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ჯანდაცვის მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდაUSAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ, 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში. ამჟამად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.
თამარ ხულორდავა - სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე;
სამართალმცოდნე, ამჟამად არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად. ის იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი.
ირინა ფრუიძე - ფსიქოლოგი, ექიმი. ინტელექტკლუბის „რა სად როდის" წევრი;
კახა კუჭავა - ბიზნესმენი;
სამართალმცოდნე, ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით.
მამუკა მდინარაძე - ადვოკატი;
სამართლის დოქტორი. ადვოკატი. იგი დღემდე არის ადვოკატთა ალიანსის თავმჯდომარე და საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის ხელმძღვანელი.
მარიამ ჯაში - ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, „სოლიდარობის ფონდის" ხელმძღვანელი;
ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული - კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს სოლიდარობის ფონდს.
ნინო გოგუაძე - ცესკოს ყოფილი წევრი, საკრებულოს წევრი „კონსერვატორების" პარტიიდან;
საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი.6 წლის განმავლობაში იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, ამჟამად თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარეა.
რომან კაკულია - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი.
სოფო კილაძე - შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი;
იურისტი. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა მაქს-პლანკის ინსტიტუტში გერმანიაში და იყო შსს აკადემიის პრორექტორი.
სოფო ქაცარავა - ბრიტანეთის საელჩოს ყოფილი პოლიტიკური მდივანი;
უცხო ენების სპეციალისტი, ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი. იყო ამავე საელჩოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტების კოორდინატორი. ასევე საელჩოში სასტიპენდიო/საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მანამდე მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში.
სოფო ჯაფარიძე - პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.
მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამართლებრივი ექსპერტი, სასჯელარასრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე.