მცხეთა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მცხეთა მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა და აღარ არის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში.
„როგორც ყველასთვის არის ცნობილი 2009 წელს იუნესკომ მცხეთა ამოიღო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხიდან და გადაიტანა საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხაში, რითაც უძველეს სატახტო ქალაქს დაემუქრა საფრთხე და დაეკარგა სტატუსი. ბოლო რამდენიმე წლის ინტენსიური მუშაობის შემდეგ სულ რამდენიმე წუთის წინ სტამბულში გამართულ მეორმოცე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიაზე, კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი მცხეთის ისტორიული ძეგლების საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული ძეგლების ნუსხიდან ამოღებას და დაბრუნებას „იუნესკოს" მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში", - განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ მცხეთაში გამართულ ბრიფინგზე.