
როგორც დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაში ვიდეოგაკვეთილების კომპონენტი სავალდებულო აღარ იქნება. ვიდეოგაკვეთილები გარე დაკვირვების ერთ-ერთი ალტერნატივა გახდება. გარე დაკვირვებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.
ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის თქმით, ამ განცხადებაში უჩვეულო არაფერი ყოფილა, მისი განმარტებით, როცა პროექტზე მუშაობა ცენტრმა დაიწყო, იმთავითვე ვარაუდობდნენ, რომ ეს კომპონენტი არ იქნებოდა იძულებითი.
"როცა დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა მაშინ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა არ არსებობდა, განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ გარე დაკვირვების კომპონენტი არის მნიშვნელოვანი. მოდელის მომზადება და ინსტრუმენტის შექმნა ჩვენს ცენტრს დაევალა. თავისთავად ეს პროცესი იმგვარია, რომ არ უნდა იყოს იძულების ფორმის, არ უნდა იყოს დამთრგუნველი პედაგოგისთვის, ეს უნდა იყოს ისეთი პროცესი, რომელსაც თვითონ მასწავლებელი წარმართავს და არა ერთი კონკრეტული ორგანიზაცია",- ამბობს მაია მიმინოშვილი.
მისი თქმით პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის მიზანი იყო გარე დაკვირვების სისტემის შექმნა და დანერგვა, შეფასების ინსტრუმენტის შექმნა და სამინისტროსთვის საბოლოო ანგარიშის წარდგენა.
მისი თქმით, პროექტის ფარგლებში, პილოტირების რეჟიმში ვიდეოგაკვეთილების გადსაღებად ცენტრმა ორი სხვადასხვა აპარატურის კომპლექტი შეიძინა, რისთვისაც დაახლოებით 1000$ დაიხარჯა. მიმინოშვილი ამბობს, რომ სწორედ ამ აპარატურის მეშვეობით მოხდა პილოტირებაში მონაწილე ათეულობით სკოლაში გაკვეთილების გადაღება.
მიმინოშვილი ამბობს, რომ პროექტი დასრულდა, პროექტის შესახებ მომზადებული ანგარიში ორი კვირის უკან ცენტრმა წარუდგინა მსოფლიო ბანკს, ხოლო რამდენიმე დღის უკან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
"ახლა განათლების სამინისტროს გადასაწყვეტია რა ფორმით და როგორ გამოიყენებს ამ შეფასების ინსტრუმენტს და გადაწყვეტილებას მიიღებს თუ არა რომ აღჭურვოს სკოლები. ჯერჯერობით არაფერი შეძენილა, გადაწყვეტილების მიღებას დრო სჭირდება. ეს უკვე სამინისტროზეა დამოკიდებული."- ამბობს მიმინოშვილი