ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადების პასუხად საქართველოში მოქმედი სკოლები – რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, მარნეულის დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა, ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა–ლიცეუმი, თბილისის ნიკოლოზ წერეთლის სახელობის საერთაშორისო სკოლა, თბილისი სკოლა–ლიცეუმი „სხივი" და ბათუმის რ. შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმი „მეგობრობა“ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათთვის მიუღებელია სკოლის მოსწავლეების, პედაგოგებისა და მენეჯმენტის მოხსენიება ნებისმიერ პოლიტიკურ ჭრილში, განსაკუთრებით ერთ–ერთი სკოლის ხსენება ისეთ კონტექსტში როგორიცაა ტერორიზმი.
„როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ბოლოს ორი ქვეყნის უერთიერთშეთანხმების საფუძველზე თურქული მხარის ინიციატივით თბილისში დაფუძნდა პირველი საერთაშორისო ტიპის სკოლა, რომლის უმთავრეს მიზანსაც წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცება, განათლებისა და კულტურის გაზიარება. 20 წლის განმავლობაში ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში გაიზარდნენ ღირსეული ქართველები, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო ასპარეზზე. ამ წლების განმავლობაში ჩვენმა კურსდამთავრებულებმა დიდი როლი შეასრულეს ქვეყნის აღმშენებლობაში და დემოკრატიული ფასეულობების დაცვაში. ცნობისთვის, ჩვენს სასწავლო დაწესებულებებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
გენერალური კონსულის არაეთიკურმა გამონათქვამმა, რომელიც სკოლა–ლიცეუმ „მეგობრობის“ მისამართით გაჟღერდა, შეურაცხყოფა მიაყენა მთელ გუნდს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და კურსდამთავრებულებს. მსგავსი ტიპის დისკრიმინაციული ბრალდებები შეურაცხმყოფელია სკოლისთვის და მისი პარტნიორებისთვის და იმ რეგიონისთვის სადაც სკოლა ფუნქციონირებს.
ჩვენი მოთხოვნაა დაცული იქნას თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლის კანონიერი უფლება და აღიკვეთოს დისკრიმინაციული ბრალდებები თურქეთის საკონსულოს მხრიდან. მოხდეს გაკეთებულ განცხადებაზე შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ჩვენის მხრივ ცალსახად ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობას და ვგმობთ მცდელობას გარე პოლიტიკურმა ძალებმა გამოიყენონ ჩვენი სკოლები, როგორც იარაღი პოლიტიკურ ბრძოლაში, რადგან სასწავლო ინსტიტუტები გახლვათ აპოლიტიკური ორგანო, სადაც მთავარი ღირებულება განათლებული, თავისფლად მოზაროვნე და ჯანსაღი თაობის აღზრდაა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს იურიდიულ უფლებას შესაბამისი რეაგირება მოვახდინოთ გაჟღერებულ ცილისწამებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.
ბათუმში თურქეთის გენერალური კონსულის განცხადებით, ბათუმის შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, ბავშვებს ტერორისტული იდეოლოგიით ზრდიან, - ამის შესახებ, იასინ თემისქანმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
კონსული მშობლებს მოუწოდებს, ბავშვები აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებას მოარიდონ. იასინ თემისქანი განმარტავს, რომ სკოლა-ლიცეუმი, ტერორისტული დაჯგუფებების ქოლგის ქვეშ იმართება და ამავე იდეოლოგიით იზრდებიან. კონსულის ინფორმაციით, სკოლა, ტერორისტ ფეთულა გიულენის ორგანიზაციის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილია.