
თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაპატიმრებული ათასობით ადამიანის სიკვდილით დასჯას არ გამორიცხავს, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სიკვდილით დასჯის ამოქმედებამ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების შანსი მინიმუმამდე შეამციროს.
CNN-თან ინტერვიუში გადატრიალების მცდელობას მან სახელმწიფოს ღალატი უწოდა.
მისი თქმით, თურქმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი აზრი, რომ გადატრიალების დაგეგმვაში მონაწილე „ტერორისტების" სიკვდილით დასჯა სურთ.
„რატომ უნდა შევინახო და ვკვებო ისინი ციხეში წლების განმავლობაში? ამ კითხვას ხალხი სვამს. ხალხს სწრაფი დასასრული სურს, რადგან მათ ნათესავები, მეზობლები, ბავშვები დაკარგეს. ისინი იტანჯებიან, ძალიან მგრძნობიარები არიან და ჩვენც ასე უნდა ვიმოქმედოთ" - თქვა ერდოღანმა.
გადატრიალების მცდელობის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის დაგეგმვაში მონაწილეებს ეს ძვირად დაუჯდებოდათ.
განვითარებული მოვლენების შემდეგ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან 8 777 თანამშრომელი გაათავისუფლეს.