2016 წელს ზამთარსა და ზაფხულში გამართულ მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე მასწავლებლობის მსურველმა 3503-მა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია.
ცნობილი არაა მათთგან რამდენი გავიდა გამოცდაზე.
უფრო კონკრეტულად კი, 2016 წლის ზამთარში მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე სულ 10 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, გამოცდაზე დაახლოებით 60%-ზე მეტი აპლიკანტი გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველი კი 703 აპლიკანტი იყო.
2016 წლის ზაფხულში გამართულ გამოცდებზე კი სულ 22 700-ზ მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, პირველადი მონაცემების თანახმად, დაახლოებით 73% გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველი 2 800 აპლიკანტი იყო.
მასწავლებლობის მსურველმა, რომელმაც ჩააბარა საგნობრივი გამოცდა, სკოლაში მუშაობის დაწყებამდე უნდა გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტზე შესაბამისი სერტიფიკაცი გაიცემა, რომელიც ადასტურებს მის სამასწავლებლო კვალიფიკაციას და აძლევს მასწავლებლობის უფლებას. პროგრამის კურსდამთავრებულები სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ.
პროგრამა 2016-2017 აკადემიურ წელს ამოქმედდება.
მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი (60-კრედიტიანი) პროგრამა უზრუნველყოფს საგნობრივი კომპეტენციების წინმსწრებად დადასტურებას, მასწავლებლობის მსურველის პროფესიულ განვითარებას და პრაქტიკულ უნარებზე ორიენტირებული კადრების მომზადებას.
განათლების სამინისტროს ცნობით, მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი საუნივერსიტეტო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო მასწავლებლობის 948 მსურველს დააფინანსებს.
პროგრამის განხორციელებისთვის 2016 წელს დაახლოებით 1 მლნ ლარი გამოიყო.
უფრო კონკრეტულად კი, თბილისში სულ 337 ადგილი იქნება გამოყოფილი, ხოლო რეგიონებში- 611.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 147 ადგილი;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - 135;
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 175;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 234;
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 102;
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 59;
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 55;
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი - 41.