ლეკვის წამებაში სავარაუდო მონაწილე არასრულწლოვნები პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფებიან. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
ფსიქოლოგ მაია ცირამუას თქმით, კარგი გამოსავალი იქნება, თუ ეს ბავშვები განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში იქნებიან ჩართულები, სადაც, როგორც წესი, ერთვება პროკურორი, სოციალური მუშაკი, თავად დაზარალებულის მხარე და მედიატორი. მაია ცირამუას ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა არ არსებობს მოკლული ძაღლის კანონიერი წარმომადგენელი, რადგან ლეკვი ქუჩაში ცხოვრობდა. თუმცა იმისთვის, რომ მედიაცია შედგეს, შესაძლოა დაზარალებულ მხარედ მივიჩნიოთ ადამიანი, რომელიც ფაქტს შეესწრო ან ლეკვი ვეტერინართან გადაიყვანა.
ფსიქოლოგი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი სამედიაციო შემთხვევაა და კარგი იქნება, თუ არასრულწლოვნების მიმართ აღმკვეთ ღონისძიებასარ გამოიყენებენ:
„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების შეკვეთა ბავშვების უმკაცრესად დასჯაა, უნდა დავფიქრდეთ ამ ბავშვების მდგომარეობასა და მომავალზე. ჩვენ გვაქვს ძალიან ჰუმანური კოდექსი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით, გვაქვს ხედვა, ამიტომ პროკურორი, სოციალური მუშაკი და მედიატორი არიან ადამიანები, ვინც უნდა მოიფიქროს, რას დააკისრებს ბავშვებს”.
მაია ცირამუა იხსენებს საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ შემთხვევებს:
„იმისათვის რომ საზოგადოებამ იცოდეს რას გულისხმობს განრიდების პროგრამა ერთ მაგალითს მოვიტან როდესაც არასრულწლოვანი პარავს პენსიონერს ხელჩანთას, სადაც ამ ქალს მთელი თვის სამყოფი თანხა და მნიშვნელოვანი საბუთები უდევს, მედიაციაში ორივე მხარის ჩართვა ხდება. დაზარალებული და არასრულწლოვანი ერთმანეთისგან ისმენენ მოსაზრებებს. დაზარალებული ისმენს, რამ უბიძგა ბავშვს ამ დანაშაულის ჩადენისკენ. ბავშვი კი ისმენს, რა დანაკარგი ჰქონდა მას და საშუალება აქვს, მოვლენებს დაზარალებულის თვალით შეხედოს. ესაა ყველაზე ჰუმანური მიდგომა, როდესაც ერთმანეთთან კონტაქტის დროს, ბრაზი და აგრესია მცირდება და საერთოდ ქრება. შემდეგ ბავშვს აკისრებენ სასარგებლო შრომას, რომელიც შეიძლება ისევ დაზარალებულის კეთილდღეობას ემსახურებოდეს - ყოველდღე მისთვის მიჰქონდეს პროდუქტი და იფიქროს იმაზე, რა რთულია თანხის დაზოგვა, პროდუქტის ტარება და ა.შ. ამ დროს ჩვენთან საზოგადოება ამ ბავშვების ჩაქოლვას ითხოვს. ეს არასწორი მიდგომაა, ესენი არიან არასწრულწლოვნები და მათ სხვაგვარი მიდგომა სჭირდებათ”, - ამბობს ფსიქლოგი მაია ცირამუა.