გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქეთს საგანგებო მდგომარეობის სასწრაფოდ გაუქმებისაკენ მოუწოდა.
მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გამო.
„ეხოკავკაზას“ ცნობით, შტაინმაიერმა თურქეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დაემორჩილოს უზენაეს კანონს და დაიცვას ადამიანის უფლებები აჯანყების მოწყობაში ბრალდებულებთან ურთიერთობისას.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გადატრიალების მცდელობის შემდეგ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 3 თვით გამოაცხადა.
ეს პრეზიდენტს საშუალებას აძლევს ახალი კანონები პარლამენტისგან დამოუკიდებლად მიიღოს. უფლებადამცველები შიშობენ, რომ აჯანყების მოწყობის მომხრეებში ეს რეპრესიებს გამოიწვევს.
16 ივლისის ღამეს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ხელისუფლებამ მოქალაქეებთან ერთად ჩაახშო.
გადატრიალებაში მონაწილე ეჭვმიტანილთა რაოდენობა 6 ათას ადამიანს აღწევს, მათ შორის არიან უფროსი ოფიცრები, თანამდებობის პირები და მოსამართლეები.