სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ, პაატა ბელთაძემ თანამდებობა დატოვა.
„ლიბერალთან“ საუბრისას ბელთაძე ამბობს, რომ თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
„ეს არ იყოს მარტივი გადაწყვეტილება, ვინაიდან ამ ინსტიტუტში თანამდებობის დაკავებიდან, სხვებთან ერთად არა ერთი პროექტის ავტორი და განმახორციელებელი ვიყავი. მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე ინსტიტუტის შემდგომ გაძლიერებაში, მაგრამ ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ არსებული შრომითი ურთიერთობებისა და სხვადასხვა გარემოების გამო დაფიქრდეს, რა შეიძლება, იყოს საუკეთესო გამოსავალი მისთვის მოცემულ ეტაპზე. სწორედ, ასეთ ვითარებას ჰქონდა ადგილი ჩემ შემთხვევაშიც, როდესაც მივიღე ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ბელთაძემ „ლიბერალთან“ საუბრისას.
შეკითხვაზე - გავრცელებული ინფორმაციით, პირველ მოადგილეს თავად სახალხო დამცველმა მოსთხოვა სამსახურიდან წასვლაზე განცხადება დაეწერა, ბელთაძე აღნიშნავს, რომ ამ შეკითხვაზე და სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე უფრო კონკრეტულ განცხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებს.
„ამასთან დაკავშირებით ველოდები გარკვეული საკითხების დაზუსტებას წამოსვლის შემდგომ. გარდა ამისა, ვიცი და ვგრძნობ პასუხისმგებლობას საზოგადოებისა და მედიაინეტერესის მიმართ, და ამასთან დაკავშირებით ცალკე მექნება განცხადება, უფრო დეტალური და კონკრეტული შეფასებებით, ვიდრე ახლა“, - განაცხადა ბელთაძემ.
იყო თუ არა სახალხო დამცველისგან მსგავსი მოთხოვნა ბელთაძის მიმართ - „ლიბერალმა“ ამ შეკითხვით ომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურს მიმართა.
„ამგვარი საუბარი სახალხო დამცველსა და მის ყოფილ პირველ მოადგილეს შორის არ ყოფილა. პაატა ბელთაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, არავის დაუძალებია", - გვითხრეს პრესსამსახურში.
მიმდინარე თვის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატში ეს უკვე მეორე საკადრო ცვლილებაა. 8 ივლისს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ილია ჭანტურაია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჭანტურაიას გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომის გამო მოხდა.
სახალხო დამცველი აღნიშნავდა, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჭანტურაიამ სხვა პირთა პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენა, რაც მოქმედი კანონმდებლობით მკაცრად დადგენილი წესების საწინააღმდეგოა.
ჭანტურაია კი ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოში თავისი უფლების დაცვის მიზნით წარადგინა. ასევე იმის დასამტკიცებლად, რომ სახალხო დამცველი არათანაბრად უდგებოდა ერთსა და იმავე მდგომარეობაში მყოფ პირებს, „რაც დისკრიმინაციის პირდაპირი ნიშანია“.