საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი ავარიაში მოყვა. „დაგიდასტურებთ, რომ ავარიაში მოყვა. ცოცხალია. მეტი ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გვაქვს", - უთხრეს „ლიბერალს" რაგბის კავშირის პრესსამსახურში.
შემთხვევის დეტალების შესახებ წერს „ინტერპრესნიუსი", რომლის ინფორმაციით, მერაბ კვირიკაშვილი ავარიის დროს მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
„მერაბ კვირიკაშვილი თავის ქალის ზედაპირული ტრავმით ქუთაისის კლინიკაშია გადაყვანილი. რაც შეეხება მის მეუღლეს, ის მრავლობით ტრავმით სამტრედიის საავადმყოფოში მოათავსეს", - განაცხადა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახებების მართვის ხარისხისა და სამედიცინო მომსახურების დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოხდა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ოთხი.