"შესაძლებელია თუ არა სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემის მოგვარება "ძველი ღვინის" ახალ კასრში გადასხმით? - ანუ გარკვეული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გატარებით, თუმცა მოსამართლეთა კორპუსის უცვლელად დატოვებით? რა რისკები შეიძლება არსებობდეს, ერთი მხრივ, კორპუსის უცვლელად დატოვების და, მეორე მხრივ, შეცვლის თვალსაზრისით?" - სასამართლო რეფორმის ამ და სხვა ასპექტებს ეხება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" პროექტის ფარგლებში შექმნილი პუბლიკაცია.
მასში საუბარია იმაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად ახალი ხელისუფლების მხრიდან. პუბლიკაციის თანახმად, სასმართლო რეფორმა, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ერთ-ერთი უმთავრესი ვალდებულება, ქვეყნის პრიორიტეტი გახდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს პოლიტიკური ზეგავლენისგან გათავისუფლების მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა, ისინი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიებით არ იყო გამყარებული. შესაბამისად, პოლიტიკური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს საქმიანობაში ჩარევის რისკი კვლავ არსებობს.
პუბლიკაციის თანახმად, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მმართველ პოლიტიკურ გუნდსა და მოსამართლეთა კოპრუსს შორის დაპირისპირება აშკარა იყო. ხელისუფლება მოსამართლეებს არ ენდობოდა, თუმაცა ერთადერთი, რაც ნდობის ასამაღლებლად გააკეთა, მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა იყო.
დოკუმენტში ასევე შეფასებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა და აღნიშნულია, მიუხედავად საბჭოს პარლამენტისა და პრეზიდენტის მიერ არჩეული წევრებით დაკომპლექტებისა, უმრავლესობამ, ანუ მოსამართლე წევრებმა თანდათან გაანეიტრალეს იქ არსებული განსხვავებული აზრი.
დოკუმენტში საუბარია სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზე, რაც მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცედურების გაუმჯობესებასა და სასამართლოში საქმეების ელექტორნულ განაწილების წესს ეხება. არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრს სასამართლო კორპუსთან დათმობებზე წასვლასა და მათთან შესაძლო გარიგებაში ადანაშაულებს. პარლამენტმა კანონპროექტები ორი მოსმენით განიხილა, მაგრამ მისი კანონად ქცევა მაინც ვერ მოახერხა. ამის პარალელურად კი საბჭო მაინც აგრძელებს მოსამართლეთა დანიშნვას.
"რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭოს სურს, საკანონმდებლო რეგულირების დაწესებამდე მოასწროს და გადანიშნოს ძველი მოსამართლეები. ამაში მას ხელსიუფლებაც ეხმარება გაჭიანურებული რეფორმით, რაც დანიშვნების პროცესს საბჭოს სრული დისკრეციის ფარგლებში ტოვებს",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.
დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, პარლამენტმა, იუსტიციის სამინისტრომ და იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო რეფორმის ეფექტიანად განსახორციელებლად კოორდინირებული მუშაობა ვერ შეძლეს, პასუხისმგებლობას კი ამაზე ერთმანეთს აკისრებდნენ.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ასოცირების დღის წესრიგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლო რეფორმის მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობის, ეფექტიანობის, მიკერძოებულობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება უნდა იყოს. თუმცა, პუბლიკაციის ავტორთა შეფასებით, ასოცირების შესახებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობები ზოგადი და უნივერსალურია, რაც ნებისმიერი ახალი დემოკრატიის ქვეყნისთვის იქნებოდა რელევანტური და მასში არაა სუბარი საქართველოს საჭიროებებზე.
"ხელშეკრულება და დღის წესრიგი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს დოკუმენები არასათანადოდ აღიქვამს საქართველოს პოლიტიკურ და სასამართლო რეალობას, ასევე, იმ გამოწვევებს, რომლებსაც აღნიშნული რეალობა უსახავს საართველოს დამოუკიდებელი, პროფესიონალი და ეფექტიანი სასამართლოს განვითარებას და რაც, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნებს წარმოადგენს".