Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად ეფექტიანია შრომის პირობების ინსპექტირება საქართველოში

22 ივლისი, 2016 18:58

შრომის უფლებების თვალსაზრისით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის ერთ-ერთ ძირითად საკითხს სამუშაო გარემოს უსაფრთხოების გაუმჯობესება და სამუშაო პირობების ინსპექტირების ქმედითი მექანიზმის შექმნა წარმოადგენს. ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს" პროექტის ფარგლებში შექმნილი ანაგრიში, რომლის  ავტორიც „კონსტიტუციის 42-ე მუხლია", სწორედ ამ ვალდებულების შესრულების მონიტორინგს ეხება.

დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, ამ მიმართულებით პირველი პოზიტიური ნაბიჯი 2015 წლის 21 აპრილს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის შექმნა იყო. ამის მიუხედავად, დღემდე არ არსებობს სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობების დარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი.

„სამწუხაროდ, ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეიქმნა, ზედმეტად ზოგადია და მხოლოდ სარეკომენდაციო და საკონსულტაციო ხასიათისაა, რაც შრომის პირობების ინსპექტირებას მთლიანად დამქირავებლის კეთილ ნებაზე დამოკიდებულს ხდის... ის ფაქტი, რომ ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიში მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა, აფერხებს შრომის უფლებების ეფექტიანდ დაცვას და დისკრიმინაციისა და უბედური შემთხვევების პრევენციას სამუშაო ადგილებზე",- აღნიშნულია დოკუმენტში. ამასთან, დეპარტამენტის ეფექტიანობა კიდევ ერთ ფაქტორზეა დამოკიდებული - მონიტორინგის დასაწყებად დამქირავებლის თანხმობაა აუცილებელი. 

დოკუმენტის ავტორთა ინფორმაციით, ყველაზე ხშირად გამოვლენილი დარღვევები ხანძარსაწინააღმდეგო და ხანძრის პრევენციის გაუმართავი სისტემა, სათანადო სავენტილაციო სისტემის არარსებობა, ინდივიდუალური და კოლექტიური ხელშეკრულებების შესრულება, პროფესიული დაავადებების მაღალი რისკი და შრომის პირობების დაცვაზე პასუხისმგებელი პირის არარსებობაა. 

დოკუმენტის თანახმად, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების მსგავსად, ზოგადია საქართველოს შრომის კოდექსში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მუხლებიც. ავტორთა შეფასებით, თავად დაზარალებულ დასაქმებულებს ნაკლებად უჩნდებათ სურვილი, რომ დარღვევები გაასაჩივრონ. მათი ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში დაქირავებულის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით სულ 18 სარჩელი შევიდა. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქმის სასამართლოში წასვლამდე ინსპექტირების დეპარტამენტს სანქციის დაკისრების უფლება უნდა ჰქონდეს.

„შრომის პირობების ზედამხედველობის პოლიტიკის აღსრულებასთან დაკავშირებით სამინისტრომ გამოტოვა ერთ-ერთი სტრატეგიული ნაბიჯი - შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისთვის ადეკვატური საკანონმდებლო ბაზის შექმნა და პირდაპირ ინსტიტუციური რეფორმა დაიწყო. გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულების შესაფერისი მექანიზმის დანერგვა",- აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^