გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თავისი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს დაახლოებით ერთი თვის წინ მოხდა. პრეზიდენტის განცხადებით, მისთვის სასაცილო იყო ზეწოლის ამგვარი მცდელობა.
„მე ამით საზოგადოება არ შევაწუხე. მაგრამ, როდესაც ვნახე, რომ ეს ტენდენცია ღრმავდება, როდესაც ვნახე, რომ ასეთი ტიპის ტენდენციები თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ ღრმავდება, ეს თემა საჯაროდ გამოვიტანე... საუბარია სამართალდამცავი სისტემისა და პოლიტიკოსების ერთობილივ მოქმედებებზე", - აღნიშნავს გიორგი მარგველაშვილი.
პრეზიდენტი ოჯახის წევრის მიმართ ზეწოლის დეტალებზე საუბრობს და ამბობს, რომ ის ქუჩაში გააჩერეს და შემდეგ მის სახლში ჩხრეკა სასამართლოს ყოველგვარი დადგენილების გარეშე ჩაატარეს, იმ იმედით, რომ ამას რაღაც მოჰყვებოდა.
„ბუნებრივია, აბსოლუტურად სუფთა იყო ყველაფერი და არანაირი სამართალდარღვევა არ ყოფილა. იქ იყო გარკვეული მინიშნებები, რომ ეს არის სწორედ ამ პიროვნებაზე ზეწოლის მცდელობა", - განაცხადა პრეზიდენტმა
გიორგი მარგველაშვილი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის ინფორმაციით, პაპუაშვილმა მას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტები დაუსახელა.